თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ,  ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ  2024-2025  საანგარიშო წლის განმავლობაში  გაწეული საქმიანობის  ანგარიში წარადგინა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კახა ლაბუჩიძის თავმჯდომარეობით  განათლებისა და კულტურის კომისიის 13 სხდომა გაიმართა, სადაც  23 საკითხი განიხილეს.  

კახა ლაბუჩიძემ საქმიანობის ანგარიშში  კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების,  ისნის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და სოციალური მიმართულების პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და ჩართულობით განხორციელდა.  

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ბაღების განახლების პროექტიც. გაიხსნა 2 საბავშვო ბაღი; მიმდინარეობს 5 ბაღის მშენებლობა. 2 საბავშვო ბაღს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის ანგარიშშია ნათქვამი,  კომისიამ იმსჯელა ომარ მხეიძის, ქეთევან კიკნაძის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის, არჩილ ბეთანელის, მერაბ დონაძის, ლეოპოლდ ძაძამიძის, ვახტანგ ბალავაძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხზე. ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიამ დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო საფოსტო მარკის შექმნაზე იმუშავა.

კახა ლაბუჩიძის თქმით, განათლებისა და კულტურის კომისიის აქტიური ჩართულობით გამოიცა მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის საცნობარო გამოცემა (2018-2023 წლები). კომისიამ ასევე იმსჯელა სკოლის სახელდებებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, თბილისის №49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის, ხოლო თბილისის №176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელის მინიჭების თაობაზე.  

როგორც გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 2025 წლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა: 1403 სოციალურად დაუცველი სტუდენტი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 675 სტუდენტი და 46 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტი. ასევე, 410-მა წარმატებულმა მაგისტრანტმა მიიღო მერიის სტიპენდია.

კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში 250-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. მათ შორის: 50 საიუბილეო და შემოქმედებითი საღამო, 50-60 - მდე ფესტივალი და კონკურსი, 70-მდე საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში კი დაფინანსდა 140 საგამომცემლო, 60 აუდიოვიზუალური და ვიზუალური ხელოვნების, 50 დიზაინის და რეწვის მიმართულების, 50 მედია-ხელოვნების, 120 „ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობის“ პროექტები. „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12 ორგანიზაცია და 80-მდე სპეციალობა.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, დასრულდა მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სრული სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ანგარიშის წარდგენას  ისნის რაიონის  გამგეობის   წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.