პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით ბელგრადში მიმდინარე კონფერენციაში - „თანასწორობის ხელშეწყობა: გენდერული სტერეოტიპებისა და ნეგატიური სოციალური ნორმების ბარიერის დაძლევა“ მონაწილეობენ.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვას ეხება.
პანელური დისკუსიისას თემაზე - „პარიტეტის მიღწევის ხელშემშლელი ბარიერები: სტერეოტიპები და ნეგატიური სოციალური ნორმები“, ლიკა შარტავამ საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში გადადგმულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ნაბიჯებზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა 2023 წელს მიღებულ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციაზე“, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. საუბარი ასევე შეეხო ქალთა უფლებების განმტკიცებას, გენდერულ თანასწორობას, ეკონომიკური გაძლიერების გზებსა და ძალადობის პრევენციის საკითხებს.
ლიკა შარტავას განცხადებით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად კვლავ რჩება სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და დეზინფორმაცია, რის დასაძლევადაც აუცილებელია საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება.
კონფერენციას, რომელიც ბელგრადში 2-4 ივნისს მიმდინარეობს, 420 დეპუტატი ესწრება 65 ქვეყნიდან, ასევე, სერბეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეები.




