სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიკრიბებიან ორშაბათს რუსთაველზე და დეტალურად იქ გააცნობენ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტუმურად აღიარებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით რამდენიმე დღის განმავლობაში და რამაც დადო შედეგი არაღიარებისა. ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას ესწრებოდნენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამასთან, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.