პრემიერ-მინისტრს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება. შესაბამისი ცვლილებები – „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები არიან, ისინი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება „საქსტატის” საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
პროექტში დაკონკრეტებულია ისიც, რომ ზედამხედველობის მექანიზმი არ გაუქმდება და საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით დანიშნავს, ამ პოსტის დასაკავებლად კი, კანდიდატს საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს.









