26 მაისის აღსანიშნავად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარის ეზოში ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ცენტრალურ მოედანზე გამოიფინა თავდაცვის  ძალების შეიარაღების ტექნიკა. დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები. მოეწყო ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

ღია ცის ქვეშ გაიმართა კულტურის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს  შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

26 მაისის ღონისძიებები, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული  ბენდის საზეიმო კონცერტით დასრულდა.