"საქართველო გამორჩეულია გამჭვირვალობის პარამეტრებით და ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისითაც, ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში - ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, არამედ ყველა საბიუჯეტო პარამეტრი მაქსიმალურადაა გამოქვეყნებული ჩვენს საიტზე," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ "რუსთავის 2"-ის გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.

მისივე განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ყველა სამინისტრო უწყება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად აქვეყნებს ყველანაირ სტატისტიკურ ინფორმაციას

"რაც შეეხება სოციალურ სტატისტიკას და, ზოგადად, ყველა სტატისტიკას, რასაც, მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს, საქსტატის ვებგვერდზე ყველა ინფორმაციაა გამოქვეყნებული, აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელსაც თვითონ საქსტატი არ აწარმოებს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების. გირჩევთ, რომ გაეცნოთ ამ ვებგვერდს უფრო გულდასმით და ყველა ინფორმაციას, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, იქ იპოვით - არცერთი ინფორმაცია არ არის დამალული.

თუ რამე სხვა ინფორმაცია გაინტერესებთ და არის ამასთან დაკავშირებით მოთხოვნა, შეგვიძლია გავიაროთ ეს საკითხი და ადვილად დარწმუნდებით., რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქტიურად აქვეყნებს ყველა ინფორმაციას, ასევე, ფინანსთა სამინისტრო და ყველა სამინისტრო უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში," - აცხადებს მიხეილ დუნდუა.