ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ქარტიას ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, უკან წაიღონ ხელმოწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან მივიყვანოთ იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან.
რადგან ჩემი წარსადგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე.
იმ დროს, როცა ამ ოთხს პარტიას შორის ჯერ არ არის ურთიერთნდობა, გარკვეული იყოს, ვინ დგას ერთგულად ბოლომდე ამ ქარტიის უკან. მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, უკან წაიღონ ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია არის ბოლომდე თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.