დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს არასდროს გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან: 1921, 1989, 1992 და 2008 წლებში ქვეყანამ თავისუფლებისა და დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად დიდი საფასური გადაიხადა. ჩვენ ამას არ ვადარებთ იმ უსაზღვრო სირთულეებს, რასაც დღეს უკრაინა გადის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველომ სისხლი დაღვარა იმისათვის, რომ საბჭოთა მმართველობისგან დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა და ის უფლება, რომ გამხდარიყო დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროსა და არჩეული ალიანსების ნაწილი. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოს მთავრობები დამოუკიდებლობის დღიდან ევროკავშირისკენ მიისწრაფოდნენ და ამ გზაზე მუდმივ პროგრესს აჩვენებდნენ. პრეზიდენტმა გამსახურდიამ საქართველო თავისუფალი ერების ევროპის რუკაზე დააბრუნა. პრეზიდენტი შევარდნაძე იყო პირველი, ვინც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეა შემოიტანა. პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია იყო. მისი მმართველობის პერიოდში, საქართველო სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შეუერთდა. 2012 წელს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩეულ იქნა პროევროპული პროგრამის საფუძველზე და ამ კუთხით, რამდენიმე საკვანძო შედეგს მიაღწია: ამ დროის განმავლობაში ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას. 2016 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს მოიცავდა, და ეს არავის უნდა დაგვავიწყდეს. გამოწვევებისა და გარე აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არ შემდრკალა, არ უყოყმანია ან არ დაეჭვებულა. ის მედგრად იდგა. ხალხი პროევროპული კურსის ხერხემალია, რომელიც მხარს უჭერს და ზოგჯერ წინაც უსწრებს და აიძულებს თავის ხელისუფლებებს ევროინტეგრაციის გზისადმი მხარდაჭერას. გამოკითხვები აჩვენებს ევროინტეგრაციისადმი ხალხის მუდმივ მხარდაჭერას. სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ევროპაში მრავალი ქვეყანაა, რომელსაც შეშურდებოდა ასეთი ევროენთუზიაზმის.
პროევროპული ხელისუფლების არჩევის გარდა, შეუძლებელია დავასახელოთ ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც რაიმე ნორმალურ შედეგს მიაღწია ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერის გარეშე. ეს ქართული პოლიტიკის გაკვეთილია, ანტიევროპული კამპანიები კი, მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციას ახდენენ.
რუსეთის ომების, ოკუპაციისა, თუ აქტიური ქმედებების მიუხედავად, ქართველებს არასდროს უყოყმანიათ. შიშმა ვერ დაძლია ევროპული კურსი. ევროპული ინტეგრაცია უბრალოდ საგარეო ორიენტაცია არ არის, ეს ეგზისტენციალური საკითხი და ჩვენი იდენტობის ნაწილია.
ქართველები ირჩევენ ევროპას: ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია ევროპაში, ქართველი ახალგაზრდები სწავლობენ ინგლისურს, გერმანულს ან ფრანგულს, სწავლობენ პარიზში თუ ბერლინში. ჩემი ქვეყნის ახალგაზრდობის შინაგანი პროევროპულობა, ევროპის რბილი ძალის დასტურია. ერთ თაობაში, რუსული მათთვის ნამდვილად წარსულის ანაქრონიზმი გახდა და ევროპა ეჭვგარეშე, ერთადერთი მომავალია.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველები არცერთ ხელისუფლებას ამ გზიდან გადახვევის საშუალებას არ აძლევენ. ყველა მასობრივი დემონსტრაცია თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული გზის მხარდასაჭერად გაიმართა. ბოლო წლებში, ქართველები ქუჩაში იმ იდეალების დასაცავად გამოდიან, რომელთაც შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ.
ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ:
2019 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატს, რომელსაც დარღვეული აქვს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, უფლება მისცეს დამჯდარიყო საქართველოს პარლამენტში, ხოლო ვინც ის ქვეყანაში მოიწვია, მათი პროევროპული ორიენტაციის მიმართ კითხვები გააჩინა.2022 წლის თებერვალში უკრაინის სრული და მასობრივი სოლიდარობისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად;2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს მიერ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების მიღებამდე;2023 წლის მარტში ქართველებმა ფაქტობრივად მთავრობა აიძულეს, უკან დაეხია ეგრეთწოდებულ რუსულ კანონთან მიმართებაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ მუქარად ითვლებოდა, და მაშასადამე, აზიანებდა ჩვენს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.
მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ჩემი მხრივ, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ჩემი ნაბიჯი და ინიციატივა ამ მიზნის წინ წასაწევად განვახორციელე.
დეპოლარიზაციისთვის: ეროვნული თანხმობის ინიციატივის წამოწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. გაერთიანებული პოლიტიკური პლატფორმის მხარდაჭერა. განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში ქალების, როგორც ფასილიტატორების, როლის მხარდაჭერა. ეს უდავოდ რთული პროცესია, და ჯერ ვერ ვიამაყებ რაიმე წარმატებით, მაგრამ მე განვაგრძობ იმ რწმენით, რომ ჩვენ ერთად მუშაობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.პოლიტიკური შეთანხმების შუამავლობა: ამაყი ვარ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებას. სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს უკვე ექნებოდა კანდიდატის სტატუსი.შეწყალებები - სამჯერ ოპოზიციური ფიგურის შეწყალება, რათა განმემუხტა პოლიტიკური დაძაბულობა და საშუალება მიმეცა შეთანხმებების განხორციელებისთვის. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ეს გადაწყვეტილებები მაღალი პოლიტიკური ფასის მქონე იყო. მაგრამ, ვრჩები ჩემი თითოეული გადაწყვეტილების ერთგული - როგორც ვოლტერი გამოხატავს: ,,არ ვეთანხმები იმას, რასაც ამბობ, მაგრამ საფლავის კარამდე დავიცავ შენს უფლებას, თქვა შენი სათქმელი“. ასევე, ინტერვენციებზე საუბრისას მინდა ნათლად ვთქვა, რომ მე წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, თუმცა ვფიქრობ, პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება თანაბრად უნდა იყოს პატივცემული მცირე, თუ დიდ ქვეყანაში. შეწყალება პრეზიდენტის ის უფლებაა, რომელიც მან თავისი „სულითა და სინდისით“ უნდა მიიღოს. პრეზიდენტის ეს უფლება თავისუფალი უნდა იყოს შიდა თუ გარე წნეხისგან. მინდა გარკვეულ სამთავრობო წრეებს მივმართო, რომ ჩემზე მუქარა საჭირო არ არის, რადგან მე იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი.ასევე, კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლების გამოყენება იმ კანონების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს. მე ვიცი, რომ თუნდაც დაიძლიოს ჩემი ვეტო ამჟამინდელი უმრავლესობის მიერ, მათ მხარს დაუჭერს და გააძლიერებს ასიათასობით ქართველი, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ის პრინციპები, რომლის ერთგულნიც ვართ.დაბოლოს, მაღალი დონის დიპლომატიით. მე, ისევე როგორც ამას დღეს თქვენ წინაშე ვაკეთებ, ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში მუდმივად ვიცავ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ნათლად მახსოვს 2021 წელს, როდესაც შავი ზღვის სანაპიროზე პეტრას სამიტს ვუმასპინძლეთ, პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან და პრეზიდენტ შარ მიშელთან ერთად, ჩვენი ასოცირებული ტრიოს ევროინტეგრაციის გზის დაჩქარებისათვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მას შემდეგ ჩვენ დრო დავკარგეთ, ჩვენ - საქართველომ.
ეს სულაც არაა გზის დასასრული. ყველა გადაწყვეტილებას თავისი დრო და ადგილი ექნება. მე ყველა ქვას გადავაბრუნებ, როდესაც საქმე იმის უზრუნველყოფას ეხება, რომ საქართველო იდგეს იქ, სადაც მისი ადგილია. საქართველოს ევროპული გზა, რა თქმა უნდა, დიდწილად, ევროპული ძალისხმევისა და მხარდაჭერის შედეგია." - განაცხადა პრეზიდენტმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას