სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სამტრედიაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა.

დავით ბახტაძე შპს „ენგადში“ იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე ტიპის სასაწყობე მეურნეობა 25 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე შენდება.

პროექტი ითვალისწინებს მაღალი სტანდარტების შესაბამისი სასაწყობე და სადისტრიბუციო ზონების მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის პროცესს.

სამტრედიის მერმა დაათვალიერა ასევე დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროცესი, რომელსაც შპს „ჯორჯიან გლობალ სფაისი“ ახორციელებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს აღემატება. საწარმო ხორციელდება უცხოური ინვესტიციით და თანადაფინანსებულია სახელმწიფოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში.

სამტრედიის მერი იმყოფებოდა ასევე შპს „ვესტ ინვესტში“, რომელიც სპეციალიზებულია გაყინული ხორცპროდუქტების დამუშავებასა და დისტრიბუციაში. საწარმოში დანერგილია უახლესი ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და დროულ მიწოდებას.

დავით ბახტაძემ დაათვალიერა კომპანია „გოლდ პაკი“, რომელმაც თავისი წარმოება სხვა ქალაქებიდან სამტრედიაში გადმოიტანა და მოაწყო თანამედროვე ტიპის სასაწყობე და სამრეწველო ჰაბი. კომპანია სპეციალიზებულია შესაფუთი მასალების იმპორტსა და წარმოებაში და აწარმოებს 400-ზე მეტ დასახელების პროდუქტს - ქაღალდის, პლასტმასის და ალუმინის მასალებს.

როგორც პროექტების დათვალიერების შემდეგ სამტრედიის მერმა აღნიშნა, სამტრედიის მუნიციპალიტეტი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკას, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს ინვესტორებთან და უზრუნველყოფს მათთვის ყველა საჭირო პირობებს და ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

„ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო ქმნის საუკეთესო პირობებს ბიზნესის განვითარებისთვის და სწორედ ამ ფონზე, სამტრედია იქცა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საინვესტიციო მუნიციპალიტეტად რეგიონში. მუნიციპალიტეტში იზრდება საინვესტიციო დაინტერესება, იხსნება ახალი საწარმოები და ფართოვდება არსებული ობიექტები. კერძო სექტორის გააქტიურება ხელს უწყობს როგორც ეკონომიკის ზრდას, ისე მოსახლეობის დასაქმებას“, - განაცხადა დავით ბახტაძემ.