რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროპაა, რომ ევროპა მომართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. რაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ, იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ცდილობს ქულების დაწერას საქართველოში ფარულად, საკუთარი გავლენების აღსადგენად და ამავდროულად, ევროპის გავლენის შემცირებას. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ არ ვართ იდეალურები. ბოლო ორი წლის განმავლობაში, გამუდმებით მივმართავ მთავრობას მოუსმინოს თავის ხალხს და დარჩეს თავისი საარჩევნო ვალდებულების ერთგული, რომელიც გულისხმობს მეტ ევროპას და არა ნაკლებს. ჩვენ 12 რეკომენდაციის ნაწილი უკვე შევასრულეთ, თუმცა აქაც მეტი შეიძლებოდა, მეტი შეიძლება და მეტი უნდა გაკეთდეს. მომდევნო თვეებში ეს ჩვენი ერთობლივი მიზანი იქნება, რათა მეორე შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ამას ქართველ ხალხი არ გვაპატიებს!
აღიარებული უნდა იყოს ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი რწმენა. დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, დგას ხალხზე და სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზე, თუ არის რაიმე, რაც ამ ბოლო ორმა წელმა აჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ ნებდებიან: არ ანებებენ უკრაინას და სოლიდარობას, არ ანებებენ ევროპასა და მათ მომავალს, არ ანებებენ თავიანთ უფლებებს. სწორედ ამიტომ ვარ მე ასეთი დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი: ამ დემოკრატიული ძალის გათვალისწინებით, უკეთესობისაკენ ცვლილება მხოლოდ დროის საკითხია. სწორედ ეს არის ის გაკვეთილი, რაც რუსული კანონის გაწვევამ ყველას ასწავლა - არ გაბედო, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას დამღა დაასვა.
კანდიდატის სტატუსი უზრუნველყოფს საქართველოს დაცვასა და უსაფრთხოებას, დაცვას რუსეთისაგან. რუსეთი დღემდე განაგრძობს ოკუპაციასა და ჰიბრიდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი ყურადღებას აქცევს თითოეულ ნიშანს და არავის აქვს არასწორი სიგნალის გაგზავნის და საქართველოს ნაცრისფერ ზონაში დატოვების უფლება. 2008, 2014 და 2022 წლების გაკვეთილია ის, რომ ყოყმანი შესაძლოა, ძვირი დაგიჯდეს. დგას რა რუსეთი უკრაინაში დამარცხების წინაშე, ჩვენ არ გვაქვს უფლება რუსეთს მივცეთ რაიმე ცდუნების საშუალება, რომ მან სადმე სუსტი წერტილები ეძებოს.
რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროპაა, რომ ევროპა მომართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. რაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ, იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ცდილობს ქულების დაწერას საქართველოში ფარულად, საკუთარი გავლენების აღსადგენად და ამავდროულად, ევროპის გავლენის შემცირებას.
განახლებული ფრენები, სავიზო რეჟიმის გაუქმება, საზოგადოების გაუკონტროლებელი შემოდინება, გაზრდილი სავაჭრო კავშირები - ყველაფერი შექმნილია ადგილობრივი დაძაბულობის, არეულობისა და ესკალაციისათვის. ამის დაშვება არ შეიძლება - არც საქართველოსათვის და არც ევროპისათვის. როგორც ევროპა ეხმარება უკრაინას შეეწინააღმდეგოს სასტიკ ძალას, ასევე, საჭიროა, ევროპა დაეხმაროს ქართველ ხალხს შეეწინააღმდეგოს ამ შეფარულ ზეწოლას.
სწორედ ეს არის კანდიდატის სტატუსი: განზრახვის შესახებ ნათელი განაცხადი და არა კონფრონტაცია.
კანდიდატის სტატუსი გაამყარებს საქართველოს, როგორც პროევროპული ძალის როლს რეგიონში. ევროპას ესმის რეგიონის მნიშვნელობა იმ ახალი მსოფლიოსათვის, რომელიც ჩვენს თვალწინ იქმნება. მან იცის, რომ საქართველო არ არის მხოლოდ დემოკრატიისა და ევროპულობის საყრდენი, ის ასევე, სტაბილური შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონისათვის საკვანძო ელემენტია, ის ახალი, კავშირებადობის პროექტების გასაღებიცაა, რომლებიც შავ ზღვას კავკასიის გავლით კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.
კანდიდატის სტატუსი ნამდვილად დაიცავს დემოკრატიას. 2022 წელს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სულისკვეთებაც საქართველოში დემოკრატიის გაუმჯობესება და დემოკრატიის ტრაექტორიის გამოსასწორებლად პირობების შექმნა იყო.
ეს დასაფასებელი მიზანი ბოროტად არ უნდა იყოს გამოყენებული იმ პოპულისტური ძალების მიერ, რომლებიც ანტიევროპული ტენდენციების შექმნას ცდილობენ. ვრცელდება ნარატივი, თითქოს საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატობაზე, რადგან მის ტრადიციულ ღირებულებებს არ იზიარებს, არ იღებს მხედველობაში ჩვენს ტრაგიკულ წარსულს, რადგან ის საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებულად ეპყრობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. ქართველმა ხალხმა აჩვენა სად დგას ის. თუმცა, არ შეიძლება ბნელი ძალების შესაძლებლობების სათანადოდ ვერშეფასება, რომლებიც გარედან არიან მხარდაჭერილნი და გაღვივებულნი და ცდილობენ ამ სოლიდარობისათვის ძირის გამოთხრას.
სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს მოემსახურება და საფუძველს შეუქმნის ყველა რეკომენდაციის სრულად და სრულყოფილად იმპლემენტაციას. ევროპა წარსულშიც საქართველოს გვერდით იდგა მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა. ის საქართველოსადმი ერთგული რჩებოდა, რადგან ქართველები ყოველთვის წარმატებულად ახერხებდნენ დემოკრატიის რელსებზე დაბრუნებას.
ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზის შენარჩუნება ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია ევროპისთვის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობა უფრო დიდი, სტრატეგიული, ახალი ევროპული წესრიგის შესახებ ხედვის ნაწილია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვების შედეგად წარმოიქმნება.
ის, რასაც უკრაინამ 2022 წელს მიაღწია, არის ის, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ 1992 და 2008 წლებში და რასაც უკრაინამ 2014-2015 წლებში ვერ მიაღწია. მიაღწია იმას, რომ მსოფლიოს თვალი აუხილა და დაანახა რუსეთის ნამდვილი სახე; დაანახა, რომ მითები რუსული დამცირებისა და რუსული დაუცველობის შესახებ სწორედ, რომ მითებია აგრესიისა და ომების გასამართლებლად. მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გაიაზროს, რომ მასაც აქვს საზღვრები.
იყო დამყოლი და არა მიზანდასახული - ეს არის ის, რაც რუსულ აგრესიას კვებავს. სხვათა დაკმაყოფილება ჯერ არასად უმუშავია.
ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება არასდროს ყოფილა რუსული თავდასხმის საფუძველი, ამის საფუძველი რუსეთის გადაულახავი იმპერიალისტური ბუნებაა. სხვა თუ არაფერი, სწორედ გადაწყვეტილებებისადმი ეს “stop-and-go” დამოკიდებულებაა, რაც რუსეთის სტიმულირებას და დამუხტვას ახდენს, რომელიც შედეგზე დაშინებით გავლენის მოხდენას ცდილობს.
არადამაჯერებელი განზრახულობის ნიშნები - 2008, 2014 წლებსა თუ ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში პატარა, მწვანე კაცუნების შესვლაზე შემსუბუქებული რეაქციებია სწორედ ის, რაც რუსეთს ახალისებს და მეტის გაკეთებისაკენ უბიძგებს. მეორე მხრივ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა და ვარშავის პაქტის წევრმა ქვეყნებმა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით მშვიდობა და სტაბილურობა შექმნეს. ჩვენი მომავალიც ესაა!
ამიტომ კანდიდატის სტატუსი არ არის მხოლოდ არსებითი დემოკრატიული რეკომენდაცია, ის ევროპული უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურაცაა. ეს გრძელვადიანი სტაბილურობაა. მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს ამორალური და არასწორი იქნებოდა. ვახდენ მხოლოდ ისტორიული გაკვეთილის კონსტატაციას. ჩვენი უკან ჩამოტოვება მხოლოდ და მხოლოდ წაახალისებს რუსეთს ეძებოს კომპენსაცია თავისივე წარუმატებლობისათვის - მოიგოს ის ომი, რომელიც დაიწყო, მაგრამ რომლის დასრულებაც არ შეუძლია.
უკრაინაში რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხდა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით - დაიმსხვრა მითი მისი უძლეველობის შესახებ, დაკარგა სტრატეგიული უპირატესობა, დაკარგა ევროპელების გახლეჩისა და მათ სისუსტეებზე თამაშის შესაძლებლობა.
უკრაინული გამძლეობა და სიძლიერე, შვედური და ფინური ისტორიული არჩევანი და ევროპული ძალა - რუსეთმა ეს ყველაფერი ვერ გათვალა!
დღეს მსოფლიო გაყოფილია, ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც ვერ ბედავს წარმოიდგინოს, რომ რუსეთი აღარ არის დაუმარცხებელი და აგებს, და მეორე მხარეს ისინი, ვისაც ესმის, რომ ახალი მსოფლიო იბადება. სწორედ ამიტომ, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება როდის დაიწყოს მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებები და ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა არის ის მშვიდობა, რომელიც რუსეთს ნებისმიერ, უცხო მიწაზე უარის თქმას აიძულებს.
სწორედ ამიტომ ვაკეთებ საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განაცხადს. მე ასევე, განაცხადს ვაკეთებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლების სახელით. ეს მომავალი მათთვისაცაა! ის ერთადერთია, რომელიც მათ თავისუფლებას, დაცვასა და იდენტობას უზრუნველყოფს. მე ვდგავარ სოხუმში გუშინ გამართული აქციის მონაწილეთა გვერდით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ მოწოდებით: ,,აფხაზეთი არ იყიდება, ჩვენ რუსებს არ დავუთმობთ!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.