ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 35 წლამდე ასაკის კაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გაუჩინარებულ მამაკაცს ოჯახის წევრები და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მის კვალს კი მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ტყის პირას მდგომი მამაკაცის კუთვნილი ავტომობილი შენიშნეს.
სამართალდამცავებმა ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.




