30 წლის წინ, ამ დრამატული სიტუაციით დავიწყეთ, რაც რუსეთის ხელში ინსტრუმენტი იყო, რომლის გამოყენებაც სცადა საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის, ევროპისკენ წინსვლის სურვილის წინააღმდეგ. ხაზგასასმელია, რომ ამ გზის არცერთ მომენტში, საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85% ამბობს და იმეორებს, რომ სურს ევროპელობა, მათ შორის, ამ კონფლიქტების მიუხედავად, რომლის გამოც მოსახლეობას შეეძლო ეთქვა, «შევეცადოთ რუსეთთან მორიგება ამ ტერიტორიების დაბრუნებისთვის, გავცვალოთ ევროპული გზა უფრო მისაღებ მეზობელზე». - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"საქართველოს ეს არჩევანი არასოდეს გაუკეთებია. 30 წლის შემდეგ და ამ ომის, მოგვიანებით კი, 2008 წლის ომის მიუხედავად, რამაც ეს სეპარატისტული კონფლიქტები დამოუკიდებლობა გამოცხადებულ ტერიტორიებად გადააქცია, რომლებიც მხოლოდ რუსეთმა და მცირე რაოდენობის სახელმწიფოებმა აღიარეს, მაინც არაჩვეულებრივ პროგრესამდე მივედით, რაც იყო ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს, გასულ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსი. ეს კანდიდატის სტატუსი უკრაინამ დააჩქარა, ამას უკრაინას და უკრაინელების ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ, ამის გარეშე ბევრად მეტი დრო იქნებოდა საჭირო, ევროპას მეტი დრო დასჭირდებოდა, რომ უფრო გახსნილი გამოჩენილიყო ქვეყნებისთვის, ვინც ევროპას ელოდება- მოლდოვა, უკრაინა და საქართველო. კანდიდატის სტატუსმა გარკვეულწილად, მოსკოვის სიბრაზე გამოიწვია, რომელმაც უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო ღიად პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ეჩვენებინა, თუ რომელ მხარეს პოზიციონირებდა.
კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკურად იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო; იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით საათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს, იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს სხნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი. ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ, რომელსაც უკრაინა იარაღით და ევროპელებისა და ამერიკელების მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ სცენაზე ვახორციელებთ არ შეიძლება უკრაინის დამარცხებით დასრულდეს, ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია.
ხვალ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ან საქართველო დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, და ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ტრიოში ავღმოჩნდებით, (სადაც ასევე არჩევნებია, პრაქტიკულად, იგივე დროს, როდესაც ჩვენთან), ან აღარ იქნება საქართველო და იქნება ტრაგედია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ასევე მეზობელი სომხეთისთვის, რომელიც იგივე მიმართულებით ვითარდება და რომელსაც საქართველოს ხიდი სჭირდება და ეს ტრაგედია იქნება კავკასიისთვის და ევროპის წარმომადგენლობისთვის ამ რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მდებარეობით.
რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მათ პატივი უნდა სცეს, რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო, ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება, ეს მიუღებელია, თუ მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება გვსურს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენებაზე.