პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, შესაძლოა, დროებით დარჩეს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ის პროგნოზირებს, რომ ომი შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს და მისი დასასრული "სადღაც შუაში" იქნება.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა, NATO-ს ყოფილმა გენერალმა, რომელიც უკრაინის ხმამაღალი მხარდამჭერია, აღნიშნა, რომ კიევმა უნდა მიიღოს, რომ ზოგიერთი ტერიტორია, შეიძლება, რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს, სულ მცირე, "დროებით". ამის შესახებ The New York Times იტყობინება.
"რუსეთის მეგობრული პოპულისტი ლიდერები, როგორიცაა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, ძირს უთხრის ევროპის ერთიანობას, ხოლო 19-თვიანი ომისგან დაღლილობა "ყველგან იზრდება", უკრაინას უნდა იყოს რეალისტური რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების პერსპექტივაში. ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი იქნება უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დროებითი ოკუპაცია".
პაველი პროგნოზირებს, რომ სიტუაცია შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს და ომის დასრულება, სავარაუდოდ, სადღაც შუაში იქნება, ორივე მხარის დამარცხების გარეშე.
როგორც პაველმა განმარტა, არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლია თავისი მაქსიმალისტური მიზნების უზრუნველყოფა. უკრაინისთვის ეს მოიცავს მთელი ტერიტორიის დაბრუნებას, მათ შორის ყირიმის. რუსეთისთვის ეს არის მოთხოვნა, რომ უკრაინამ ოფიციალურად დათმოს მიწები, მათ შორის ოთხი რეგიონი, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ რუსული ჯარები.
"უკრაინის დამარცხებაზე ან რუსეთის დამარცხებაზე საუბარი - ეს უბრალოდ არ მოხდება, ამიტომ დასასრული იქნება სადღაც შუაში", - აცხადებს პაველი.