ზუსტად ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველას გახსოვთ, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის ძარცვა, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა. ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უცხოური აგენტურა და მისი სისხლიანი რეჟიმი 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა ჩვენს ქვეყანაში.

ამ ყველაფრის დაბრუნებას ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. ზუსტად ერთ კვირაში იმართება რეფერენდუმის ტოლფასი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ომს და აირჩევს მშვიდობას, ეტყვის უარს ამორალურ პროპაგანდას და აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ეტყვის უარს ბნელ წარსულს და აირჩევს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.