2019 წლიდან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდა „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგით“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მრავალგანზომილებიან ურთიერთობებში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მომავალ 16-17 ოქტომბერს, ამ სტრატეგიული დიალოგის წყალობით, პარიზში აღინიშნება საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის დაარსების 30 წლის იუბილე.

„2019 წლიდან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდა „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგით“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მრავალგანზომილებიან ურთიერთობებში. 

მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ 16-17 ოქტომბერს, ამ სტრატეგიული დიალოგის წყალობით, პარიზში აღვნიშნავთ საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის დაარსების 30 წლის იუბილეს. უკვე 30 წელია! მაგრამ რა გრძელი გზა გავიარეთ სულ რაღაც სამ მოკლე ათწლეულში! ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგი მოგვიტანა სხვადასხვა სფეროში.

ეკონომიკიდან დაწყებული: ბოლო წლებში საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები უფრო და უფრო ფართოვდება და აქტიურდება. უამრავი სავაჭრო გზის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს შეუძლია ევროპისთვის ბევრი რამის მოტანა, საფრანგეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სიცოცხლისუნარიანობაზე დაყრდნობით. თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად განახლდება და მდიდრდება: ამრიგად, საქართველო იქნება წელს საპატიო სტუმარი მეცხოველეობის სამიტზე, რომელიც, იმედი მაქვს, მოიტიანს ახალ ერთობლივ პროექტებს. 

ნება მომეცით ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო და მივესალმო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო დონორს, „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობის წყალობით.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას განათლებისა და კვლევის სფეროებში, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი იმპულსი, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც თბილისში 2019 წელს შეიქმნა, წარმოადგენს ყველაზე პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ დამაკავშირებელ ხიდს. 

თბილისში ახლახანს გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფრანგული ენის სწავლების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. 
და ბოლოს, მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩინებულ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ სფეროში, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საყრდენია. ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში ფრანკო-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდაჭერა ღირებულ წვლილს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.