გერმანიაში, რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია. მაგრამ ის უკვე ოთხი თვეა დაკავებულია. აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება? ამის შესახებ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერთმა განაცხადა.
"თქვენ ბათუმში ჩამოხვედით და აპირებთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწროთ, რისთვისაც ჩვენი რედაქციის სახელით მადლობას გიხდით. ცნობილი ფაქტია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით 3 მარტს განცხადება გაავრცელა. ის დღემდე პატიმრობაშია. რას აჩვენებს თქვენთვის „მზია ამაღლობელის საქმე“?
გერმანიის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. ამისთვის ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აშენდა ნაცისტური სახელმწიფოს ნანგრევებზე და ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, როცა კანონის უზენაესობა იკარგება და ადამიანის უფლებები აღარ ფასობს.
ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი არსებითი ელემენტია მედიის თავისუფლება.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპებია. თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამ ყველაფრის დაცვა აუცილებელია.
ამიტომ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მედიის თავისუფლებაზე. ვსაუბრობთ ჟურნალისტზე, რომელიც უკვე ოთხი თვეა ციხეში იმყოფება.
უნდა აღვნიშნო – განსხვავებით ზოგიერთი მტკიცებისგან – მე არ ვცდილობ, ვიყო არც ქართველი მოსამართლე, არც პროკურორი და არც ადვოკატი.
ფაქტებიდან, რაც საჯაროდაა ცნობილი, ის ბრალდებულია, რომ შენობაზე სტიკერი მიაკრა და პოლიციელს სილა გაარტყა.
გერმანიაში, რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია. მაგრამ ის უკვე ოთხი თვეა დაკავებულია.
აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება?
როგორც გავიგე, საქმე აღძრულია პოლიციელზე ძალადობის და ფიზიკური დაზიანების მიყენების ბრალდებით, სასჯელი კი, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქ საქმე გვაქვს ცნობილ ქართველ ჟურნალისტთან – მზია ამაღლობელთან, რომელიც მედიაში 2001 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის თემებზე. ის დიდ როლს თამაშობდა აჭარის რეგიონში, მათ შორის, ბავშვებისთვის ბიბლიოთეკების მხარდაჭერაში მთიან რაიონებში. ის არაერთი პრიზის მფლობელია.
„ბათუმელები“ აკრძალულია რუსეთში – დაბლოკილია, რაც ასევე საინტერესოა.
ასე რომ, როცა მედიის თავისუფლებასა და პროპორციულობაზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა ეს ხელის დარტყმა. საკითხავია: მართლაც იმსახურებს თუ არა 4–7-წლიან სასჯელს? ის უკვე ოთხი თვეა პატიმრობაშია.
შესაძლოა, ის, რაც გააკეთა – ამ ოთხთვიანი პატიმრობით უკვე დაფარულია.
ჩვენ სასამართლო პროცესებს მთელ მსოფლიოში ვაკვირდებით, რადგან ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების პროპორციულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ნებისმიერ ქვეყანაში.
მზია ამაღლობელი არის ცნობილი ჟურნალისტი. მან ბევრი რამ გააკეთა თავისი რეგიონისთვის. ის გარკვეული ასაკის ქალია. მან სტიკერი მიაკრა და პოლიციელს გაარტყა. ის უკვე ოთხი თვეა ციხეშია.
მისი ბრალდების საფუძველზე სასჯელი არის 4-დან 7 წლამდე. კითხვა კი რჩება: ეს მართლაც სამართლიანობაა?
ემსახურება თუ არა მართლმსაჯულებას ის, რომ ის კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს პატიმრობაში და შესაძლოა, მრავალწლიანი სასჯელიც მიიღოს?
ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სტანდარტების უმრავლესობით, ეს იქნებოდა უკიდურესად/გადამეტებულად მკაცრი სასჯელი და უკვე ასე აღიქმება, გადამეტებულ სასჯელად – ოთხთვიანი პატიმრობა ეს ძალიან დიდი დროა.
მხოლოდ ქართულ მედიასაშუალებებში არ ფიქრობენ ასე – საერთაშორისო მედიაც ამბობს, რომ ასეთი სიმკაცრე, როგორც მას [მზია ამაღლობელს] ექცევიან, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დაშინება.
და თუ გსურთ გაწევრიანება ევროკავშირში – თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია.
ხშირად გვეკითხებიან: რატომ ვსაუბრობთ საქართველოზე? – იმიტომ, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვა.
ეს კი გვაკისრებს პასუხისმგებლობას: ვთქვათ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ გვინდა, რომ გაწევრიანდეთ და როგორც მეგობრები, ვამბობთ სიმართლეს: აუცილებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია.
ჩვენ ვუჭერთ მხარს სამართალს მზია ამაღლობელისთვის. ვუჭერთ მხარს შესაბამის და სამართლებრივ სანქციას [სასჯელს] მის მიმართ. მაგრამ, როგორც არაერთხელ ვთქვი – ყველამ ნახა ის სილა: ეს სამართალია, რომ ამდენ ხანს [მზია ამაღლობელი] იჯდეს ციხეში? მართლა საშიშროებაა ის ქართული საზოგადოებისთვის? მართლა საშიში კრიმინალია? მართლა ძირგამომთხრელი პოლიტიკოსია? მართლა ვინმეს მძიმე დაზიანება მიაყენა? არის მოძალადე, რომელიც გამუდმებით სცემს ადამიანებს?
ჩვენი მოწოდებაა – სასამართლომ იპოვოს სამართალი. - განაცხადა ელჩმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში.
ცნობისთვის, 2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის ის გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის 28 აპრილს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და ისევ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.
ასევე, საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წლის 7 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა: მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს- ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს