საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატები დღევანდელ სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავენ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილებებს. პროექტის თანახმად, ცილისწამების საქმის განხილვისას, მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება.
გარდა ამისა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება.
ცვლილების ავტორები განმარტავენ, რომ სიახლე, საზოგადოებაში, ვინმეზე რამის დაბრალების შემთხვევაში, მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შედის ცვლილებები, რომლის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადადის ინფორმაციის გამავრცელებელზე. ცვლილებების კანონად ქცევის შემდეგ, უკვე ინფორმაციის გამავრცელებელს მოუწევს მტკიცება კონკრეტულად, ვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიმართლე თუ ტყუილი. ამავდროულად, შედის ცვლილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და დგინდება შემჭიდროებული ვადები მსგავსი საკითხების განხილვისა. სასამართლო ერთი თვის ვადაში იქნება ვალდებული, მოახდინოს პროცესთან დაკავშირებული მთლიანი გადაწყვეტილების გამოტანა," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
მიმდინარე პროცესების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს ცვლილებებს ოპოზიცია.
"არანაირი სიტყვის თავისუფლება, არანაირი ადამიანის უფლებები, არანაირი სამართლიანი სასამართლო, რეჟიმი იტყვის და ფაქტობრივად, დაპატიმრებული ხარ ავტომატურად. ძალიან ცუდია რაც ხდება, ლიდერებს აკავებენ, მედიაზე ცენზურას აწესებენ," - აცხადებს "სტრატეგის აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე