ამის შესახებ ინფორმაციას შვედური სააგენტოები ავრცელებენ.

შვედეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ შვედეთში მგლების მინიმალური რაოდენობა 300-დან 170 ინდივიდამდე შემცირდება.

ე.წ. პოპულაციის კონტროლის მნიშვნელობა არის ინდივიდების ყველაზე მცირე რაოდენობა, რომელიც ეროვნულ დონეზე აუცილებლად ითვლება სახეობის გადაშენების საფრთხის აცილებისთვის.  

„პირველი შუალედური მიზანია მგლების პოპულაციის 270 ინდივიდამდე შემცირება შემდეგი ლიცენზირებული ნადირობისთვის 2026 წელს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა პიტერ კულგრენმა 

შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, ამჟამად შვედეთში დაახლოებით 355 მგელია.

შვედეთის მონადირეთა ასოციაცია მიესალმა მთავრობის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ გვესმის, რომ მგლების პოპულაციის ერთ წელიწადში განახევრება შეუძლებელია. შემცირება უნდა მოხდეს კონტროლირებად პირობებში, რათა შვედეთი არ ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის რეგულაციებს“, - წერს პიტერ ერიქსონი შვედეთის მონადირეთა ასოციაციის ვებსაიტზე. და განაგრძობს:

„მაგრამ მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ მომავალში შვედეთში ნაკლები მგელი იქნება. ეს არის ის, რაც ჩვენს წევრებს სურდათ და რისთვისაც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ“. 

შვედეთის მონადირეთა ასოციაციის ცნობით, ევროკავშირში მგლის სტატუსის მკაცრად დაცულიდან კონტროლირებამდე დაქვეითება ასევე ნიშნავს, რომ მთავრობამ მგლებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ადაპტირება უნდა მოახდინოს.