პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა.
სოზარ სუბარმა ისაუბრა მაგისტრალური პროექტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის.
"ბატონო პრემიერო, აქ შევეხები მაგისტრალურ გზებს, რომლებზეც უკვე ისაუბრეთ. რამდენიმე მაგისტრალური გზა გადის ქვეყანაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი. ესენია: ქვეშეთი-კობის გვირაბი, რომელიც მალე დასრულდება; თბილისიდან ბათუმთან დამაკავშირებელი გზა; დაწყებულია და იგება კახეთის გზა და სადახლოს და წითელი ხიდის მიმართულებითაც მალე უნდა დაიწყოს პროექტი. პარალელურად, არის ბევრი გზა, რომელთა გაკეთებაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის. ერთ-ერთ ასეთი გზის პროექტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც გამზადებულია (იმ ეტაპზე იყო ყველაფერი მისული, რომ დონორების მოძიებაც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროექტი გაჩერდა პანდემიის გამო). ლაპარაკია წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზასა და შემდეგ, ლენტეხი-მესტიის გვირაბზე. მესმის, რომ ძალიან ძვირი ჯდება ეს პროექტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის და საუკუნეების განმავლობაში მოემსახურება მოსახლეობას. იქნებ, ამ პროექტის განახლებაზე იფიქროთ და სამომავლო პრიორიტეტებში გაითვალისწინოთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის პასუხად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაგისტრალური პროექტების, კონკრეტულად კი, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპლექსური მსჯელობაა საჭირო.
„რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გვირაბს, საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია - მილიარდი ჯდება მისი განხორციელება. სწორედ ამიტომ, მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, რთულია გადაწყვეტილების მიღება. ამ საკითხზე კომპლექსურად დაგვჭირდება მსჯელობა“, - აღნიშნა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.