"სამწუხაროა, რომ ქალბატონი ტალიავინი ჯერ არ ჩავარდნილა სინანულში," - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინს მიერ გაკეთებულ განცხადებას რომ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით აზრი ბევრმა ექსპერტმა შეიცვალა.
"უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა ექსპერტმა, რომელიც სკეპტიკურად უყურებდა საქართველოს ბრალეულობას ომთან დაკავშირებით, პოზიცია შეიცვალა. ყველა სინანულით ამბობს, რომ თავის დროზე, ვერ შეაფასეს რეალურად ის საფრთხეები, რომელიც 2008 წელს საქართველოს ემუქრებოდა. ყველა ჩავარდა სინანულში. სამწუხაროა, რომ ქალბატონი ტალიავინი რომელიც ჯერ არ ჩავარდნილა სინანულში," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
შეგახსენებთ: "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის.
ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.