„კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმასენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
მანჯგალაძის თქმით ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული დაცინვაა როცა ამას ბიძინას კარზე მოსამსახურეები ამბობენ, რომელთაც საკუთარი დამოუკიდებლობა და ღირსება ვერ დაუცვიათ ივანიშვილისგან.
„ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი.
მისი ყველა განცხადება, მათ შორის დღევანდელი, რომ თითქოს ევროკავშირის ქვეყნები არიან უფრო ნაკლებად დამოუკიდებლები, თავისუფლები და სუვერენულები ვიდრე საქართველო, არის რუსული ჰიბრიდული დეზინფორმაციის პროდუქტი.
ამ გზავნილის მიზანია დააეჭვოს საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის სიკეთეებში და უპირატესობაში რასაც შემდეგ საფეხურზე მოჰყვება გზავნილი, რომ არ გვინდა ევროკავშირი, ის ზღუდავს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.
ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული დაცინვაა როცა ამას ბიძინას კარზე მოსამსახურეები ამბობენ, რომელთაც საკუთარი დამოუკიდებლობა და ღირსება ვერ დაუცვიათ ივანიშვილისგან. ამათ რა თავისუფლება და სუვერენიტეტი უნდა მოუტანონ და დაუცვან ქვეყანას?!
„ქართული ოცნების“ წევრებს რომ ვუყურებ, მახსენდება ძველი გამოთქმა: ნამდვილი მონა არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე ოცნებობს.
ვერ ეღირსებით საქართველოს დამონებას. ქართველმა ხალხმა უკვე გამოგიტანათ განაჩენი.
ახლა მთავარია, ჩვენი დღევანდელი ბრაზი, შინაგანი პროტესტი და უსამართლობის განცდა ვაქციოთ გამარჯვების მთავარ პირობად.
კი ევროპას! არა ყველაფერს რუსულს!“ - განაცხადა მანჯგალაძემ