აუცილებელია ქუჩის პროტესტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ქაოსური. გააზრებული და ორგანიზებული უნდა იყოს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" სამი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება, კერძოდ, ღარიბაშვილის, კობახიძის და პაპუაშვილის. არცერთმა არ ახსენა რუსეთის იმპერია, საუბრობდნენ საბჭოეთსა და მტერზე. ღარიბაშვილის პოსტი ძალიან სამარცხვინო იყო, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა სტიქიურ უბედურებაში მოყვა ის ხალხი 25 თებერვალს. კობახიძე საბჭოეთზე საუბრობდა. უნდა თქვა: „საბჭოთა რუსეთი“, „რუსეთი“. ისტორიის გადაწერა სამარცხვინოა, სამარცხვინოა, მტერს რომ მტერი არ დაარქვა“,- აღნიშნავს მანჯგალაძე.
გარდა ამისა, მან ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქუჩის პროტესტი აუცილებელია.
"ოპოზიციის სამოქმედო გეგმა "სტრატეგია აღმაშენებელს" არ დაგვიმალავს. აუცილებელია ქუჩის პროტესტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ქაოსური. გააზრებული და ორგანიზებული უნდა იყოს“, - აღნიშნავს მანჯგალაძე.
ცნობისთვის, პრემიერი 1921 წლის 25 თებერვალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 1921 წლის 25 თებერვალს „ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება.
ამასთან, აღნიშნავდა, რომ „25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს“.