ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული და კორექტული პრეზიდენტის მისამართით მაინც. ყველაზე მცირე, ის არის შეცდომაში შესული. თვითონ თუ გადაწყვიტა, ვინმემ თუ ურჩია – არ ჰგავს ეს მისი კეთილის მსურველის რჩევას, უფრო არის სიბრიყვე. განმარტება, რაც თქვა, თითქოს იმისთვის, რომ ფარცხალაძემ პასუხი აგოს, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა, სისულელეა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ჯერ კიდევ გაუშიფრავი ჯაშუშები, უფრო მაღალი რანგის, ვიდრე ფარცხალაძე იყო. იცით თქვენ, რომ ჯაშუში ჯაშუშის ტყავს არ დახევს. არანაირი გამოძიება საქართველოში არ იქნება. ცუდია, რომ პრეზიდენტი ამას ვერ ხვდება და დროზე გამოასწოროს ეს შეცდომა“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„არ ვიცი, მიზანი რა არის, რას ემსახურება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დატოვება. ეს ნიშნავს, რომ დარჩეს ქართულ იურისდიქციაში და მაქსიმალურად დააფარონ ხელი ღარიბაშვილმა და კობახიძემ. არ ვიცი, პრეზიდენტი კონსტიტუციაში როგორ ერკვევა, რამდენად კარგად იცნობს კონსტიტუციას, მას ჰყავს მრჩეველები. ვინც მას ეს უთხრა, არის, ყველაზე მცირე, ბრიყვული რჩევა და უფრო შორს თუ წავალთ, ეს ჰგავს, შეიძლება, ხელისუფლების პროვოკაციას, რომ ისეთი გარემოცვაა პრეზიდენტის ირგვლივ, რომელზედაც გავლენა აქვთ კობახიძესა და ღარიბაშვილს.
მოქალაქეობა არაფერ შუაში არ არის, კობახიძის განმარტებაც კი აბსურდულია. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ის უფლება, გარდა საარჩევნო და კონკრეტული უფლებებისა, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს, ავტომატურად ვრცელდება საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც. ის რეგულაციაც სისულელეა, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა, რადგან ეს გამონაკლისი უცხოელზე არ ვრცელდება, მაშინ გამოდის, რომ ყველა რუსი დასანქცირებული პირი ჩამოვა და კობახიძემ ყველა ჯაშუშს მოუწყო ერთგვარი სამოთხე საქართველოში, ყველა სანქცირებულს. ამიტომ ვამბობ, შეცდომაშია შესული. მაქსიმალურად კორექტული ვარ და უფრო მეტიც შემიძლია, ვთქვა, მეტსაც ვფიქრობ, მაგრამ არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური ყოფილი პროკურორი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ამის შესახებ "აიპრესს" სუსში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საბუთები ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია - სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
პ.ს. ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე