იმ ფონზე, როცა ამერიკის მიერ ოთარ ფარცხალაძე დასანქცირდა და მთელი ჯაშუშური ქსელი გამოვლინდა, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კავშირზე იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ახალი სპექტაკლი შემოგვთავაზა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას.
მისი თქმით, კონკრეტული საკითხების გადაფარვას ცდილობენ.
ჯაშუში ფარცხალაძე და ეს ქსელი კი არ ყოფილა თურმე პრობლემა, არამედ ახლა რუსული სცენარი შემოგვთავაზეს, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, პოლონეთი და უკრაინა აპირებენ ბელორუსში გადატრიალებასო. ვფიქრობდი, ფარცხალაძეს პროკურატურაზე აქვს გავლენა-მეთქი და თურმე სუს-იც მისი გავლენის ქვეშ ყოფილა. ცდილობენ, ფარცხალაძის რუსული ჯაშუშობის გადაფარვას. ასევე ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ღარიბაშვილისა და კალაძის მიერ სახელმწიფო ბორტის შმაქსად გადაქცევა გადაიფაროს. რაღაც დრამატულ სცენარს გვთავაზობენ, რომ უკრაინა და პოლონეთი საქართველოში გადატრიალების მოწყობას აპირებენ. ამერიკის მიერ ჯაშუშური ქსელის გაშიფვრის პირდაპირი მტკიცებულება გაქვთ და ახლა ეს ყველაფერი საიდან მოიგონეს? წინა გამოიძიეს, 2014 წლის საქმე გახსნეს? ოპოზიციას წარმოვადგენ და ჩვენ საქართველოში არეულობის მოწყობის არანაირი გეგმა არ გვაქვს, სუსი-ს ეს განცხადება პროვოკაციაა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.