მიშელის განცხადება ევროპის მხრიდან პოზიტიური გზავნილია, რომ ევროპა გადასულია საქმეზე და მხოლოდ საუბარი არ არის. საქმეა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ათამდე ქვეყანა ელოდება, მათთვის კარი ღიაა და პროცესი 2030 წელს დასრულდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„„ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოს სტატუსიც კი არ აქვს. იმაზე დიდი რუსული საქმე არ არსებობს, ვიდრე ქვეყანა ისევ რუსული გავლენის სფეროში დატოვო. „ქართულ ოცნებას“ ამის მცდელობა აქვს, რაც არ გამოუვა, რადგან ამ ქვეყნის პატრონია საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, ვისაც ევროპა უნდა. თუ საკითხი დადგება – „ქართული ოცნება“ თუ ევროპა, ქართველი ხალხი აირჩევს ევროპასა და სტატუსს, ხელისუფლებას კი პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს, რადგან ქართველი ხალხის რეალიზებას ვერ ახდენს და ქვეყანას სტატუსი აქვს სახვეწარი. ეს რეალობაა და სწორედ ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ოპოზიციაზე ან ევროპელ პარტნიორებზე ხელის შეწმენდა და ევროსკეპტიციზმზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდა. ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, კანდიდატის სტატუსი უკვე გვექნებოდა და მოლაპარაკებებს საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე დავიწყებდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.