ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორწლიანი მუშაობის შედეგებსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, ორგანიზაციის წევრები ქალების საჭიროებების ადვოკატირებაზე მუშაობენ.
„განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე გვაქვს, ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებზე, ქალების პოლიტიკურ გაძლიერებაზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ამ 2 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის ფარგლებში შევხვდით 40 ათასზე მეტ ქალს, დაახლოებით 20 ათასამდე ქალის ორგანიზება მოვახერხეთ „ვარდისფერი კამპანიის“ ფარგლებში, რომ სკრინინგის პროგრამაში ჩართულიყვნენ. ანუ, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ქალების ცნობადობისა და მათი მონაწილეობის გაზრდა მოვახერხეთ“, - განაცხადა წილოსანმა.
მან ასევე ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრობლემაზე ისაუბრა.
„მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მიხარია, რომ მზარდი არის ქალების მხრიდან ამ ძალადობაზე საუბარი. სახელმწიფო სერვისები მუდმივად უმჯობესდება, იმისთვის რომ ძალადობა გამოვლილ ქალებს დავეხმაროთ“, - აღნიშნა წილოსანმა.