მე, პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არასწორი აგენტურული მოძრაობა გარედან იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუმცა, საზოგადოებამაც რომ კარგად გაიაზროს, რა ვნახეთ ჩვენ იმ დღეს, ვნახეთ, რომ ზუსტად 3 საათზე „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა Prime Time-ის მიერ მოპოვებული ინგლისურენოვანი ტექსტი, რომელზეც ითქვა, რომ ბრიუსელიდან არის მითითება წამოსული და დაახლოებით 10 წუთში ვნახეთ, სიტყვასიტყვით როგორ წაიკითხეს ამ ტექსტის ქართული ვერსია. ამის შემდგომ, იმისგან განსხვავებით, რომ წერილი სიტყვასიტყვით წაიკითხეს, ამ შემთხვევაში ეტყობა, სათანადო მითითება არ ჰქონდათ მიღებული და ვნახეთ, რომ დაიკარგნენ ახსნა-განმარტებებში; ვნახეთ, რომ როგორც თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობდა, ვიღაც ლევან ლემონჯავას დაწერილია; ვნახეთ, რომ ვიღაცამ ძილში დაწერა ტექსტი; ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას ამ ტექსტის დაწერაში. მოკლედ, იმდენად განსხვავებული და დაბნეული პასუხები იყო, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და გვარწმუნებს, რომ ის ინფორმაცია ამ ტექსტის უცხოეთიდან მიღების თაობაზე სწორია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეს ფაქტიც რომ გვერდით გადავდოთ, რეალურად ძალიან კარგად ჩანს, როგორ სინქრონში მოქმედებს გარედან წამოსული დავალებები და განცხადებები აქაურ აგენტურაზე, იმ ადამიანებზე, ვინც ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს აკეთებენ.

„უკვე ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებენ, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ. ალბათ სამოქალაქოსი არაფერი არ უჩანთ ამ ადამიანებს, რადგან პირდაპირ სწორედაც რომ მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს ურტყამენ; მეორე ნაწილი, ე.წ. ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, რადიკალიზმით გამორჩეული, რომელმაც ყველა ნიშან-თვისება დაკარგა ოპოზიციური პარტიების. ვგულისხმობ განსაკუთრებით იმათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ანუ პირდაპირ დაადასტურა, რომ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობასთან არ აქვთ კავშირი, და ასევე ისინი, ვინც თავიანთი საქმიანობით არათუ ხალხის ინტერესს, არამედ წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში, ზოგადად, ვის ინტერესს ატარებენ, პოლიტიკური პარტია კი უნდა ემსახურებოდეს საკუთარი ამომრჩევლის და ხალხის ინტერესს. ამიტომ ამ ჰარმონიას გარედან წამოსულ დავალებებსა და აქ მათ მოქმედებას შორის იმდენი ხანია, ვუყურებთ და ვრწმუნდებით, რომ ალბათ არავისთვის გასაკვირი არ იყო ამ წერილის წაკითხვის ამბავი. ამავდროულად, ფაქტია, მათი მოქმედებები უკვე იმდენად მილევად რეჟიმშია გადასული, რომ ყველაზე ელემენტარულ ფეხის ნაბიჯზეც კი ბორძიკებენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს გერმანიის ელჩის პოზიციონირებას, რადგან, აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, პეტერ ფიშერი გუშინ აქციაზე იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა, ფიქრობს, საკმაოდ რთული საკონსულტაციო პროცესი გაიარა, რადგან როგორც მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია, ისინი, გარკვეულწილად, პასუხისმგებელი იყვნენ, რომ ელჩის მხრიდან ასეთი რადიკალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა აღარ მოხდებოდა.

ნინო წილოსანმა ასევე განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, თავად ევროკავშირის ელჩმა იცრუა არაერთხელ, როდესაც თქვა, რომ მოლაპარაკება ირაკლი კობახიძის განცხადების შედეგად შეჩერდა.

„ხალხი დააორგანიზეს, გამოიყვანეს და რაღაც ვნებათაღელვა გამოიწვიეს. გასული წლის 28 ნოემბერს ვგულისხმობ, სადაც ირაკლი კობახიძემ ვთქვა, რომ რადგან აღნიშნული საკითხი ჩვენ მიმართ შანტაჟის და სხვადასხვა მოთხოვნის, ზეწოლის იარაღად გამოიყენება, ჩვენ აღარ დავაყენებთ დღის წესრიგში საკითხს და არავის მივცემთ საშუალებას, ამით გარკვეული ზეწოლა მოახდინონ ჩვენზეო. როგორც ახლა თავად ასევე ევროკავშირის ელჩის ახლად მოწერილ წერილში აღმოჩნდა, თურმე ეს გადაწყვეტილება თავად ევროპის საბჭოს ივნისში მიუღია, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე. თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებით საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა და ზუსტად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენთვის ცნობილი იყო, თუმცა არა საჯარო, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.