კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არანაირი თანამდებობა, მათ შორის, ჩვენი გუნდის ლიდერობაც, არ შეიძლება, იყოს ინდულგენცია, როდესაც საუბარია ისეთი დონის დანაშაულზე, როგორიც კორუფციაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 კითხვაზე – შეიძლება თუ არა, ვივარაუდოთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმე აღძრულია 4 ოქტომბრის მოვლენებზეც, რადგან მოქმედი პრემიერი ამბობდა, რომ ოპოზიციას ეხმარებოდნენ მმართველი გუნდიდან ცოტა ხნის წინ წასული წევრები და ასევე გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაციაც, თითქოს კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსანი იყო ჩართული 4 ოქტომბრის მოვლენებში, წილოსანმა აღნიშნა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„რაც ზუსტად ვიცით, ეს არის კორუფციული დანაშაული. ამაზე მეტი ინფორმაცია მე არ მაქვს და არც უფლებამოსილება, რომ ვისაუბრო. შესაბამისად, არ იქნება სწორი, თემები ავრიოთ. როდესაც კორუფციაზეა საუბარი და საკმაოდ მყარი მტკიცებულებებია ამ ყველაფერში, გარკვეულწილად, აქცენტი რომ გადავიტანოთ რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დახმარებაზე და ასე შემდეგ, ეს არ იქნება სწორი. ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი არ არის. რაც ამ ეტაპზე ვიცით და მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც არის გაჟღერებული, რომ იყო კონკრეტული ინფორმაციების ურთიერთგაცვლა ამ რევოლუციური სცენარების დაგეგმვის პროცესში, ვფიქრობ, შემდგომი და ალბათ, მიმდინარე გამოძიების საკითხია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამ ყველაფერზე და სწორედ ამით მოახდინეს პრევენცია იმ დიდი მავნებლობის და დანაშაულის, რაც 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა არაფერი კონკრეტული და მათ შორის, აღნიშნული მაღალჩინოსნების მიმართ ამ ეტაპზე არ ვიცით. შესაბამისად, არ მინდა, ვინმეს სპეკულაციების, ან რაღაც დამატებითი ინტერპრეტაციების საშუალება მივცეთ და არც იქნება სწორი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

 შეკითხვაზე, ანუ, რჩება ვერსია, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი იდგა 4 ოქტომბრის მოვლენების მიღმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ გარკვეული დახმარება რომ მიდიოდა, თუნდაც ინფორმაციების გაცვლის კუთხით, ამაზე ისაუბრა მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, მაგრამ ვინ იყო, რა პოზიციის, რა რეგალიის, თუ რა თანამდებობის, ამაზე არც ინფორმაცია არსებობს და შესაბამისად, რადგან მტკიცებით ფორმაში ვერ ამბობს ამ ეტაპზე, არ იქნება სწორი, ვინმეს ამ კუთხით ჩრდილი მიაყენოს.

კიდევ ერთ შეკითხვაზე, როგორ აისახება მიმდინარე პროცესი და დაწყებული გამოძიება, ასეთი რეზონანსული საქმე უშუალოდ მმართველ პარტიაზე და მის იმიჯზე, რადგან საუბარია ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც ორჯერ იკავებდა ამ პოსტს და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დღეს კი სუს-ი ამბობს, რომ ეს ადამიანი წლების განმავლობაში იღებდა უკანონო შემოსავლებს, ნინო წილოსანმა განაცხადა:

„ყველა დანაშაულის თავიდანვე პრევენცია, ან გამოცნობა რომ შეიძლებოდეს, ქვეყანაზე დანაშაული აღარ იარსებებდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კონკრეტული დანაშაული და კორუფციული ფაქტები ხდებოდა, მაგრამ ამ ფაქტებს მყისიერად მიეცა რეაქცია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ჩვენს საზოგადოებას აჩვენებს, რომ ჩვენი გუნდის შიგნითვე მიდის გასუფთავების და გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, გაწმენდის პროცესები. რა თქმა უნდა, კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი, არანაირი თანამდებობა, მათ შორის, ჩვენი გუნდის ლიდერობაც, არ შეიძლება, იყოს ინდულგენცია, როდესაც საუბარია ისეთი დონის დანაშაულზე, როგორიც არის კორუფცია. კორუფციას განსაკუთრებულად დიდი მტკივნეული ფაქტორი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე ვიღაც მდიდრდება და, რა თქმა უნდა, ეს ნომერ პირველი საზრუნავი უნდა იყოს ხელისუფლების. მე ვფიქრობ, ეს გახმაურებული გამოძიებაც ალბათ, დიდწილად, ამ მნიშვნელოვან დატვირთვასაც ატარებს, შემდგომში ეს იქნება უდიდესი პრევენცია, რომ არავის, მათ შორის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირსაც არ შერჩება ხალხის და ბიუჯეტის თანხებით გამდიდრება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეკითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ასეთი ფაქტები იმას, რომ ხელისუფლებას, რომელიც უკვე მეცამეტე წელია, არის სათავეში, ჰქონდა კორუფციის თვალსაზრისით სერიოზული ჩავარდნები, რადგან ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი პრემიერი ფიგურირებენ სკანდალურ საქმეებში, ნინო წილოსანმა განაცხადა, კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე, მათ შორის, ევროკავშირის ფარგლებშიც, რიგ შემთხვევაში ათეულში და რიგ შემთხვევაში ოცეულში იკავებს ადგილს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი საქართველოზე გაცილებით უფრო მძიმე მოცემულობაში არიან.

„კორუფცია ეს არის დანაშაული, რომელიც წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს აღმოფხვრილი, რომელსაც მუდმივად ახალისებს გამდიდრების სურვილი და მათ შორის, გარკვეულწილად, შესაძლებლობა ძალაუფლების, თუ სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, მოახერხო და სხვის ხარჯზე დააგროვო რაღაც გარკვეული თანხები, თუმცა ამის მიუხედავად ის ფაქტი, რომ თავად გუნდის შიგნით დაიწყო ამ პროცესების გამოვლენა, არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.