საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბერლინში, ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს, ანა ლიურმანს შეხვდა.

საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება.

 „საინტერესო შეხვედრა გვქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც 12 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომას ესწრებოდა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხზე ვერ მოხერხდა შეთანხმება, ის მაინც დარწმუნებულია, რომ პარასკევს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. საქართველოს, როგორც ამ კვირაში, ასევე სამომავლოდ, ევროკავშირში წევრობის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა ექნება. მინისტრთან აგრეთვე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული სახელმწიფოს მხრიდან დახმარების აღმოჩენაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 მისი თქმით, ანა ლიურმანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, საქართველოს როლით დაინტერესდა. ნიკოლოზ სამხარაძემ მას ამ მიმართულებით ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეკლარაციებთან საქართველოს მიერთების საკითხს. ნიკოლოზ სამხარაძემ მინისტრს განუმარტა ის მიზეზები, რის გამოც საქართველო სრულად არ არის მიერთებული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეკლარაციებს და განცხადებებს.

 „შეხვედრისას ჩვენ გამოვთქვით წუხილი, რომ ევროკავშირის და გერმანიის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი - ოკუპაცია არ გამოიყენება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით და ვთხოვეთ მას, რომ ეს საკითხი გადაიხედოს“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.