პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც წერია: „ნიკა მელიას განცხადებით, საქართველო-საბერძნეთის შედეგები არა დინამოს სტადიონზე, არამედ „ქართული ოცნების“ ბოსების კაბინეტებში გადაწყდა. იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, „ოცნება“ ყველანაირ მეთოდს გამოიყენებს არჩევნების მოსაგებად. სწორედ ასე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლაც. მათ FIFA მოისყიდეს და პრაქტიკულად ამომრჩევლების მოსყიდვის პირველი მაგალითი გვაჩვენეს“.
„ეს იმაზე დიდი ტყუილი, ფეიკი და ცილისწამებაა, ვიდრე ის, რომ მითხრან შენ ნიკა მელია არ ხარო.
აი, ამას კადრულობენ მაშინ, როცა გუშინდელი საერთო სიხარულისგან ვართ სრულიად აღტაცებულნი. როგორ შეუძლიათ ასეთი ამაღლებული დღეების დროსაც კი ასეთი სიბინძურეები აკეთონ“,- წერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ნიკა მელია.