ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა? რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია, ყველაფერია თავისუფალი სიტყვის გარდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს მხარს უჭერს, რაც ტელეკომპანია „იმედსა“ და „პოსტივის“ შეზღუდავს და რუსულ პროპაგანდას გაანეიტრალებს.

„ნანახი გაქვთ, ჩვენზე რას წერს და ამბობს ტელეკომპანია „იმედი“? რას აქვეყნებს, როგორ სიუჟეტებს ამზადებს, როგორ ვყავართ წარმოჩენილი? პირდაპირ ჩვენთან დაკავშირებით აქვს გამოცხადებული ნადირობა ტყუილებით. რატომ არ უნდა მიხაროდეს ასეთის ცუდად ყოფნა? მართლა მაინტერესებს. რომ მკითხოთ, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია თუ არა. მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ თუ უნდა. ამ ჩემს ფეხებს, მინდოდა მეთქვა, უკაცრავად. საერთოდ არ მაღელვებს.

ქვეყნის მტერი რუსული პროპაგანდისტი; ჩვენი ყველას პერსონალურად ამბების გამომგონებელი, საშინელი სიუჟეტების დამპროექტებელი, ტყუილების მომგონებელი ტელევიზიის კარგი რატომ უნდა მიხაროდეს და ცუდი რატომ უნდა მწყინდეს? მართლა მაინტერესებს. სად მივდივართ? საერთოდაც ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა? რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია. ყველაფერია, თავისუფალი სიტყვის გარდა. ამიტომ, მართალი გითხრათ, მე ვერ ვიგებ, რაზე ვლაპარაკობთ, რა კავშირშია კონსტიტუციურ წყობილებასთან, წესრიგთან თუ საერთოდ რამე პოზიტიურთან ეს ორი ტელევიზია. თუმცა კი,  ყველაფერს მხარს ვუჭერ, რაც მათ შეზღუდავს და რუსულ პროპაგანდას გაანეიტრალებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.