„ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მის პარტიას რუსეთისთვის ცალკე ეკონომიკური სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვია, არამედ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგი იყო.
ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მიმართა კითხვით, „მისი პარტია უერთდებოდა თუ არა რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას?“.
„ცალსახა საკითხი ეს არ არის, პირდაპირ გეტყვით. ბევრი ქვეყანა სარგებლობს ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. არ არსებობს ცალსახა პასუხები, დიდი განზომილება აქვს ამას. ჩემი პარტია უერთდება იმ ნაწილზე, სადაც ევროსტრუქტურები ამბობდნენ, რომ საქართველო არის ევროპული სივრცის ნაწილი, ამიტომ ამაში, ამაში და ამაში სანქციები უნდა დააწესოთ, ვეთანხმები. ცალკე ეკონომიკური სანქციების დაწესება არასოდეს არ გვითქვამს. ცხონებული კახა ბენდუქიძე ძალიან პრინციპული კაცი იყო და ასევე პრინციპულად თვლიდა, ყოველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისით, რომ ვაჭრობა თავისით ვითარდება. ეს თუ ეხება სახელმწიფო ინტერესს, მაგალითად, სანქციებისგან გვერდის არიდება, რაზეც ვრცელდება იმ საგნებიდან, საწვავი, ე.წ. მეორადი დანიშნულების ნივთები და ა.შ. ამაზე სანქციების დაწესებას ბუნებრივია, ვემხრობი.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა შენი მეშვეობით და შენ თვითონ რომ უწესებ სანქციებს, არის განსხვავებული. გვერდის ავლა, ჩემი აზრით, არის კატასტროფული შეცდომა. არ არის მარტივი, საკუთარ ქვეყანაზე ასე უმტკიცებულებოდ ამ თვალსაზრისით ლაპარაკი, ძალიან რთულია, მაგრამ არსებობს ეჭვები და მოსაზრებები, განსაკუთრებით ნავთობის ნაწილში, რაც შეეხება იმ მიმართულებას, რომელიც მათ შორის ევროკავშირს თავად შეიძლება ჰქონდეს ღია, ამ მიმართულებაზე არასოდეს არავის უთქვამს, რომ ყურძენი არ გაიტანოს კახელმა, რადგან იქ რუსი წყურვილით უნდა დაიხრჩოს და ვერ იომოს, ეს არავის არასდროს უთქვამს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.










