ამ არამართებული მოტივაციის ჭეშმარიტად არარსებობის დამადასტურებლად მე იურისტების დახმარებით დავიწყებ პროცედურას, რათა საქართველოს სასამართლო სისტემიდან ეს საკითხი გადავიდეს დიდი ბრიტანეთის იურიდიულ სისტემაში - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება 20 მაისს ტვ პირველის ეთერში მასთან დაკავშირებულ სიუჟეტს:
"მეგობრებო!.. ტვ პირველის ეთერში, 20 მაისის საღამოს გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების საპარლამენტო კენჭისყრის შედეგი ახსნილი იყო ჩემი პირადული მოტივაციით. რაც, რეალურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ არამართებული მოტივაციის ჭეშმარიტად არარსებობის დამადასტურებლად მე იურისტების დახმარებით დავიწყებ პროცედურას, რათა საქართველოს სასამართლო სისტემიდან ეს საკითხი გადავიდეს დიდი ბრიტანეთის იურიდიულ სისტემაში. ამით, ვფიქრობ, ბოლო უნდა მოეღოს კენჭისყრის დროს არსებული გაუგებრობის იმ მოტივაციით ახსნას, რაც გაჟღერდა 20 მაისის შაბათის გადაცემაში. თქვენი ნატო ჩხეიძე"
ცნობისთვის, 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. მათგან რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ უკვე განაცხადა.