პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ტრისტან ბენაშვილი 93 ხმით, გიორგი გზობავა 91 ხმით, ზურაბ გურასპაშვილი 93 ხმით აირჩიეს.
პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების პროექტები და კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააცნო.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 5 წევრის ასარჩევად, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში, წარმოდგენილი იყვნენ კონკრეტული კანდიდატები. მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოუსმინა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდა შესაძლებლობა დაგვესვა შეკითხვები და მიგვეღო პასუხები კონკრეტული კანდიდატის მიერ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისთვის 29 კანდიდატს, სათითაოდ ეყარა კენჭი, რომელთაგან საბოლოოდ 3 კანდიდატი შეირჩა.
დარჩენილ 2 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით მეორე ტური გაიმართება.
კენჭისყრის შედეგად, რუსუდან კვინიკაძემ 89, გოგა კიკილაშვილმა 89, ლევან ნემსაძემ 88 და ნინო ნიშნიანიძემ 87 ხმა მიიღო. პარლამენტი კენჭისყრის საფუძველზე სწორედ ამ კანდიდატებიდან შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს.