ჩათში მეხუთე გვარიც იყო - ნიშნიანიძე, რომელიც მეორე ტურში გადავიდა - როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც ბოლომდე ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო დამაჯერებელი თუ გაგებული, გარიგება დაგვბრალდა ჩვენ, „ნაცმოძრაობამ“ კი აღშფოთებული სახე მიიღო, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრისას განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
"ნაციონალურმა მოძრაობას" გუშინდელ ბრიფინგზე „დაავიწყდა ან დაივიწყეს“ ამ გვარის შესახებ, თუმცა, ეს არ დაავიწყდა ქართულ ოცნებას, რომელიც ჩხეიძის თქმით, როგორც ჩანს პირობის შესრულებას აპირებს, რადგან ნიშნიაძე გადასულია მეორე ტურში.
„გუშინდელი კენჭისყრის და მას მოდევნებული ბრიფინგების შემდეგ როცა ვითარება უნდა ახსნილიყო, პირიქით მოხდა, ასახსნელი მეტი დარჩა საზოგადოებისთვისაც და ჩემთვისაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის დროს არ ვიცი მეტი გულწრფელობის, დამაჯერებლობის თუ თვალსაჩინოებისთვის თქვეს, ჩათში ჩაწერილი მესიჯის შესახებ, რომ იყო ოთხი გვარი: სალია, საჯაია, წიქარიშვილი და მუხაშავრია და თქვეს, რომ ჩათში ჩაგდებული იყო ეს ოთხი გვარი, მათ დაავიწყდათ ან დაივიწყეს, რომ იმ ჩათში მეხუთე გვარი იყო ნიშნიანიძე, მაგრამ ეს არ დაივიწყა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საერთოდ დიდად პირობის შემსრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოინდომეს რაღაც პირობის შესრულება და იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ერთ - ერთი არის ნიშნიანიძე. როგორც ჩანს, მოქმედებდა ფორმულა 4/1- ზე, რომელიც მთლად ბოლომდე და ნათლად ოპოზიციური ჯგუფებისთვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი თუ გაგებული, ამიტომ იყო ოპოზიციური ჯგუფებიდან ფრაზები იმის შესახებ, რომ აქ არის გარიგება და ეს გარიგება საბოლოო ჯამში დაგვბრალდა ჩვენ, ჩხეიძეებს, მაჭუტაძეს და კიდევ ორ დეპუტატს, „ნაციონალური მოძრაობა“ გადგა გვერდზე და აღშფოთებული სახეც მიიღო. მე ცხადია, კითხვები მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. შეკითხვა დაუსვით ბეჟაშვილს, როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო?” - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ცნობისთვის, 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. მათგან რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ უკვე განაცხადა.