ჩვენგან ვერ გამოიყვანთ ბანდიტურ და ძალადობრივ ჯგუფებს, რომელიც ძალადობას აორგანიზებდა. 4 ოქტომბერი იყო ორწლიანი პროტესტის ბოლო ეპიზოდი, სახალხო, ადამიანური. ჩვენი მოტივატორი არ ყოფილა ანგარება, ჩვენ არ ვართ კრიმინალები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მურთაზ ზოდელავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ზოდელავამ სასამართლოს თხოვნით მიმართა, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების მიმართ ან საპროცესო შეთანხმება გახდეს ხელმისაწვდომი, ან რამე სხვა ფორმა.
„სახელისუფლო პროპაგანდა მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენი წარმოჩენა ხდება, როგორც ბანდიტური ორგანიზაციის, ძალადობრივი ჯგუფის. მახსენდება „მხედრიონის“ გასამართლება, იგივე სახელისუფლო პროპაგანდები იყვნენ. კარგი, მე პოლიტიკური ბეგრაუნდი მაქვს, მაგრამ 63 დაკავებულ ადამიანში შედის ყველა კატეგორია – ქალბატონი, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, ყოველი მეოთხე საპენსიო ასაკს მიღწეულია. პროპაგანდას აქვს უზარმაზარი ძალა, როცა ასე ფუთავს. ჩვენგან ვერ გამოიყვანთ ბანდიტურ და ძალადობრივ ჯგუფებს, რომელიც ძალადობას აორგანიზებდა. 4 ოქტომბერი იყო ორწლიანი პროტესტის ბოლო ეპიზოდი, სახალხო, ადამიანური. ჩვენი მოტივატორი არ ყოფილა ანგარება, ჩვენ არ ვართ კრიმინალები. როგორ შეიძლება, ჩვეულებრივი, კანონმორჩილი ადამიანისგან გამოძერწო ძალადობრივი ჯგუფი. საჯაროდ და სატელევიზიო ეთერებში მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვიყენებთ, ვიდრე „ოცნების“ წევრები. მზად ვარ, ყველა უსამართლო ბრალი ჩემს თავზე ავიღო. ამისთვის მზად ვარ. 4 ოქტომბრის მორალური პასუხისმგებლობა რაც მაქვს, არის, რომ ტვირთის სხვაზე დაკისრება არ შემიძლია. უფრო მეტი ვალდებულება მაქვს. ჩემს მოწოდებაში მამაკაცები იმიტომ ვთქვი, რომ ქალი გადაიქცა მსხვერპლის სიმბოლოდ. ამან გაუმარტივა პროპაგანდას მოქმედება. ამიტომ, ვიმეორებ, რომ მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო, თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, თუ შესაძლებელს გახდის, რომ პროკურატურამ ლმობიერი დამოკიდებულება გამოიჩინოს ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ საქმეში პატიოსნები არიან. ეს არის ჩემი ლოგიკური, გნებავთ, ადამიანური თხოვნა, რომელსაც წარვადგენ ყოველგვარი კომპლექსების გარეშე. გთხოვთ, ამ ადამიანების მიმართ ან საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი, ან რამე სხვა ფორმა თუ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
რაც შეეხება საორგანიზაციო ჯგუფს, საკითხთან დაკავშირებით ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა:
„ეს ჯგუფი იყო უბრალოდ პოლიტიკური პერფორმანსი, აქციის თანმდევი, ვიღაცამ მედიასთან უნდა იურთიერთოს. მხოლოდ ეს შინაარსი იყო. მტკიცებულება არაა, რომელიც ადასტურებს, რომ რომელიმე მათგანი რაღაც ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ორგანიზება იყო“.
ამასთან, მურთაზ ზოდელავამ მიმართა პატიმარ ზურა ჭავჭანიძეს და სთხოვა, წიმშილობა შეწყვიტოს.
„მინდა, მივმართო ჭავჭანიძეს, მისი ჯანმრთელობა ზიანდება და იქნებ, შიმშილობა შეწყვიტოს. იქნებ, რაღაც გარემოებებმა განაპირობოს, რომ ის არ დაზიანდეს. ასევე, თხოვნაა, იქნებ ევა შანშიაშვილის მიმართ მოხდეს განსხვავებული პოზიციის დაჭერა. საქმეში არიან მძიმედ დაავადებულები, საპენსიო ასაკის ადამიანები. თქვენთვის უფრო საზიანოა, ვგულისხმობ ყველას – როგორ უნდა გამოიყვანო ევა შანშიაშვილისგან ძალადობრივი დაჯგუფების ოცმეთაური? ის ჩვეულებრივი ქალბატონია“, – განაცხადა ზოდელავამ.
შსს-მ მურთაზ ზოდელავა 5 ოქტომბერს დააკავა. ზოდელავას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. აღნიშნული ბრალი ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.







