საქართველოში ყველა ბიზნესდავა გადაწყდება არა სამ და ოთხ წელიწადში, არამედ ორ კვირაში, იმ სასამართლოს მიერ, სადაც ხელმძღვანელები იქნებიან უცხოეთიდან მოწვეული მოსამართლეები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნება ნამდვილი ანტიკორუფციული სამსახური, რომლის ხელმძღვანელსაც ევროკომისია შეარჩევს.
„ჩვენ შევქმნით არბიტრაჟს და ალტერნატიული დავების გადაწყვეტის თემას. ასევე, ყველა ბიზნესდავა საქართველოში გადაწყდება ორ კვირაში, არა სამ და ოთხ წელიწადში, ორ კვირაში, იმ სასამართლოს მიერ, სადაც ხელმძღვანელები იქნებიან უცხოეთიდან მოწვეული მოსამართლეები. ჩვენ შევქმნით ნამდვილ ანტიკორუფციულ სამსახურს. დღეს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელი არის რაჟდენი. რაჟდენა აღარ იქნება ხელმძღვანელი, რაჟდენას ნაცვლად იქნება ევროკომისიის მიერ დანიშნული, ქართველი, მაგრამ ევროკომისიის მიერ შერჩეული, არანაირი პოლიტიკური ნიშნით. ამიტომ გამორიცხული იქნება პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.