ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახალ ინიცირებას ეხმაურება.

"რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, "ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც "ოცნებასთან" ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.