მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით დაიწყო მსვლელობა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდება.
“ასეულ ათასის ადამიანის ნება გამოხატულია ხელმოწერებით, გამარჯვებული წალენჯიხიდან გეზს იღებს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციისკენ. ამ ხელმოწერებში არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის კურსს და გააზრებული აქვთ, რომ დღევანდელი და მომავალი სახელმწიფოსი დგას იმ ცხრა წლიან რეფორმებზე, სოციალურ-ეკონომიკურ წარმატებებზე. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული პრეფერენციებით ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ რაღაც მომენტში რაღაც უკეთესად ყოფილიყო. არიან ადამიანები, რომლებიც სხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათი ჰუმანური და მაღალი პოლიტიკური ალღოთი გააზრებული აქვთ, რომ აუცილებლად საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს თავისუფლებაზე და კარს მომდგარ არჩევნებზე უნდა იყოს თავისუფალი გარემო. არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და მათთვის პოლიტიკაზე უფრო მისაღებია ის, რომ არ შეიძლება მესამე პრეზიდენტი პიჯაკების გამო ციხეში იყოს. ეს გახლავთ ამ ადამიანების არა ერთპარტიული, არამედ გაერთიანებული ერის ნება, რომელსაც აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება უნდა მიაქციოს და ლოგიკურ პოლიტიკურ პროცესებს მისცეს დასაბამი - გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი.“- განაცხადა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თემურ ჯანაშიას განცხადებით: „ჩვენ შევაგროვეთ ასი ათასობით ხელმოწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ქალბატონი პრეზიდენტი გადადგამს ღირსეულ ნაბიჯს, რადგან ეს ნაბიჯი დღეს სჭირდება ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას, ადამიანების დაბრუნებას ქვეყანაში და იმისთვის , რომ საქართველო გახდეს ისევ და ისევ მიმზიდველი მსოფლიოსთვის.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით სიმბოლურ ადგილას, ეს არის წალენჯიხა, გამარჯვებული წალენჯიხა, ეს არის ადგილი, საიდანაც ხალხის ნება ყველაზე კარგად ვნახეთ უახლოესი ისტორიის წინ და ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, დაემორჩილება ხალხის ნებას და ხალხის ნება მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა არ შეიძლება გაჩერებული იყოს, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, ეკონომიკა წინ მიდიოდეს და ამისთვის საჭიროა რეფორმების გზით იაროს ქვეყანამ, ამისთვის საჭიროა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება"