არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს თუ პოლიტიკურ პარტიას უფლება არა აქვს პოლიტიკური მანდატების გამო დაანაწევრონ შექმნილი ერთიანობა და ცალკეული პოლიტიკური სუბიექტის ელექტორალურ ხმებად გადააქციონ ის, რაც ამ ერთიანობისა და დიადი გამარჯვების საწინდარია, არ გაფლანგონ ახალგაზრდობის უდიდესი მონაპოვარი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მიმართვა ახალგაზრდებისადმი:
ჩემო საამაყო ჯენზი! თქვენ სასწაული მოახდინეთ და ჩემს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბეთ. სწორედ თქვენმა თამამმა, ფერადმა, გამართულმა მოქმედებებმა გააცოცხლეს ეროვნული მუხტი და როგორც არასდროს, შეაკავშირეს ქართველი ხალხი. თქვენი და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა ამხელა საერთაშორისო მხარდაჭერა.
მე პუტინის დავალებით ვარ გამოკეტილი ციხეში იმის გამო, რომ თავის დროზე არ ჩავაბარე რუსეთს საქართველო და მინდა მოგმართოთ მოკრძალებით: მე, პუტინის ტყვე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ ვარ ახალგაზრდების გვერდში ყოველგვარი პოლიტიკური თუ პირადი სარგებლის, ან მოტივაციის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვემორჩილები თქვენს ერთსულოვნებასა და მიზანმიმართულობას. აქვე დავძენ, რომ
არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს თუ პოლიტიკურ პარტიას უფლება არა აქვს პოლიტიკური მანდატების გამო დაანაწევრონ შექმნილი ერთიანობა და ცალკეული პოლიტიკური სუბიექტის ელექტორალურ ხმებად გადააქციონ ის, რაც ამ ერთიანობისა და დიადი გამარჯვების საწინდარია, არ გაფლანგონ ახალგაზრდობის უდიდესი მონაპოვარი.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ არ შეცვალონ მიზნის მიღწევის ის ხერხები საშუალებები, რაც თქვენს მიერ შექმნილი ერთობიდან წარმოიქმნა და აიძულეთ პოლიტიკური ლიდერები ხელი აიღონ დაქსაქსულობისა და ერთიანობის დაშლის მცდელობებისაგან.
მხოლოდ ამგვარ შედეგებს შეუძლია თქვენი დამარცხება, რომელიც იდენტურია საქართველოს დამარცხებისა. ამიტომ, მოიკრიბეთ ძალა და ყური არ უგდოთ მათ, ვინც თქვენს გაპარტიულებას ცდილობს, რადგან თქვენ ხართ გრანდიოზული და ყველაზე ქართული სულისკვეთების ეროვნული პარტია, რომელიც არ უნდა იქნეს დაყვანილი ცალკე აღებული რომელიმე ერთი, ან რამდენიმე პარტიის ელექტორალურ ხმებამდე.
ახალგაზრდებო! ჩვენი სამშობლოს მომავალი თქვენს ხელშია, რომელიც თითოეულ თქვენგან გავალდებულებთ, რომ აიღოთ პასუხისმგებლობა და ასეთი ერთობით ბოლომდე მიიყვანოთ ასეთი აღმაფრენით დაწყებული საქვეყნო საქმე.
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“ - წერს სააკაშვილი.