უახლოეს საათებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით, მოაწერს ხელს სალომე ზურაბიშვილის ქარტიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა და განმარტა, რომ მთლინად უჭერენ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მიუერთდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს და ეს ყველას უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ერთიანობას არანაირი ალტერნატივა არ აქვს და „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა პარტიებისთვის კვოტების გადანაწილებისკენ მოუწოდა.
„მინდა, ისევ ვისაუბრო ერთიანობაზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდო, რომ დავთვალოთ, რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას და ჩვენ მზად ვართ, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად გადანაწილება არ გამოვა, რადგან ამომრჩეველი წარმომადგენელი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებელიც ვიყავით. რა რეიტინგიც დაჯდება, კვოტების ნახევარი მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ. ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „დროშები ჩქარა“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ აქ მთავარია – „შეერთდით, შეერთდით, შეერდით, შეერდით“.