საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური ფარული ჩანაწერების გავრცელებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადებით მეჭიაური მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას სამებაში, ბაბუშერას გმირების პანაშვიდზე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.
"განცხადებას არ გავცნობივარ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დიდი ალბათობით ვიდრე არ იქნება მტკიცებულებები, მაინც უდანაშაულობის პრევენცია იქნება მასზე გავრცელებული, ეს ჩემი პირადი აზრია, 99%-იანი ალბათობით. რაც ხდებოდა, ყოველივე ამის სათავეში, ამ ფარული ჩანაწერების მიწოდება, გამოყენება და გავრცელება და ამით ფაქტიურად მოსახლეობის დაშანტაჟება, ეს იყო მის მიერ დაგეგმილი და ყველა დანარჩენების მიერ განხორციელებული",-განაცხადა მეჭიაურმა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის ვიდეოტერორიზმი "ქართული ოცნების" ხელწერაა.
"არასდროს, ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობამდე, არ გამოქვეყნებულა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არ მომხდარა ამის გამოყენება პოლიტიკური შანტაჟისა და ანგარიშსწორებისთვის",-აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ხელისუფლების დროს მოხდა ამ ვიდეოების შექმნა, თუ მათი მმართველობის დროს, მისი თქმით, ამ სიბინძურის ავტორები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
"როგორც კი ივანიშვილის დანაშულებრივ რეჟიმს მოვაშორებთ ქვეყანას, უმკაცრესად დაისჯებიან არა მხოლოდ ამ ვიდეოების გამომქვეყნებელი, არამედ მათი შემქმნელიც",-აცხადებს სააკაშვილი.
ავტორი: ნათია მაჭარაშვილი