,,ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები,  ვიყავით სტრატეგიული მნიშვნელობის  ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდისთვის. უახლოეს დღეებში დაიწყება თეთნულდის კურორტზე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.  გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან და
ვეცდებით  შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ ყველა მათი მოთხოვნა"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რეგიონში სამუშაო პროცესის დათვალიერების შემდეგ.  

რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან - სოზარ სუბართან, გოჩა ენუქიძესთან და ვიქტორ ჯაფარიძესთან, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ორ რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.


ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის  სათხილამურო ტრასის საბაგირომდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიატციას იწყებს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ზუგდიდი-ჯვარი-
მესტია-ლასდილის გზის რეაბილიტაცია.  საავტომობილო გზაზე , ჯამში 16 კმ-მდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. 


პროექტის განხორციელების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება რეგიონებს შორის მგზავრობის დრო; გაუმჯობესდება საგზაო გადაადგილების უსაფრთხოების ხარისხი; გაიზრდება მთის რეგიონების ტურისტული და საკურორტო პოტენციალი.


გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
დაბა ლენტეხსა და ქვემო ცაგერში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია.


ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, წყალმომარაგების სისტემების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებიც აქტიურად გრძელდება. რეაბილიტირდება არსებული სათავე ნაგებობა, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, შემკრები რეზერვუარი
და საქლორატორო. პროექტი ითვალისწინებს დაბა ლენტეხის წყალმომარაგებასაც.