თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერითა და თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე მეოთხე წელია ტარდება. ფესტივალის მიზანია არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობა.

შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, გადასცეს.

ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული გუნდების ფესტივალი, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ხალხური შემოქმედებისადმი ინტერესი.

„ბავშვთა  და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება. თბილისის მუნიციპალიტეტი ამ ფესტივალის ძალიან დიდი მხარდამჭერია.
წლიდან წლამდე ეს ფესტივალი უფრო პოპულარული ხდება და მან მართლაც დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი შემოქმედებით ასპარეზზე. ფესტივალს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავს, რაც მას უფრო და უფრო პოპულარულს ხდის. მინდა ყველა მონაწილეს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ბავშვთა  და ახალგაზრდული გუნდების უკვე ტრადიციადქცეულ ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა ფოლკლორული გუნდები იღებენ. 
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი, ლოტბარი დავით ცინცაძე და ანსამბლ „საგალობელის“ ხელმძღვანელი, ლოტბარი მაია მიქაბერიძე არიან.

წელს ტრადიციულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ათი ფოლკლორული ანსამბლი დააჯილდოვეს. შემოქმედებითი საღამო ყველა მონაწილის ერთობლივად შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.