თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს."