საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. 

სუსის ოფიციალური ინფორმაციით, "ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.

ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში. რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:  სუსმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა