ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც 2004 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მისივე თქმით, ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.

„ჩემთვის უპირველესი ახალგაზრდები და მათი რწმენა, სწორი ხედვაა. ახალგაზრდებს როდესაც ვუამბობ ხოლმე იმ უმძიმეს წლებზე, როცა ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლებიღა დატოვა, ისინი მწერალთა კავშირზე ხშირად ამბობენ, მაინც კომუნისტური გადმონაშთი იყოო. ვინაიდან მათ კარგად იციან ექვთიმე თაყაიშვილის ფასი და ღირსება, ვამბობ, რომ მწერალთა კავშირი შეიქმნა 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილის პროექტით. ექვთიმე ბრძანებდა, რომ საჭიროა, შეიქმნას მწერალთა კავშირი, რათა წინა წარუძღვეს ერსა. 1917 წელს უკვე ეს დამტკიცდა და მისი დამფუძნებლები იყვნენ ისეთი დიდი ქართველები, როგორიც იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი და პირველი თავმჯდომარე იყო კოტე მაყაშვილი, გმირი მაყაშვილის მამა. ჯერ ერთი, იმ პერიოდშიც, რასაც ერქვა საშინელი კომუნისტური ეპოქა, ქართველმა მწერლებმა არ დაივიწყეს მისია, წინ წარუძღვნენ ერს. 2004 წელს, როგორც კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, მწერალთა კავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე გადადგა. უკვე კარგად იცოდა, რომ მწერალთა კავშირს ძალიან ცუდი დღეები ელოდა იმის გამო, რომ დაწერა „გიჟი სახურავზე“. ქართველებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ გმირი მოდიოდა. თავმჯდომარედ ამირჩიეს მე, მაშინ მოადგილე ვიყავი. ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ ახალ ხელისუფლებას. მწერალთა კავშირის ისტორიული შენობა 1920 წლიდან მწერლების საკუთრება არის. ზოგჯერ არასწორად ამბობენ, თითქოს შენობა მწერალთა კავშირს გადასცა მისმა პირველმა მფლობელმა სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილის სურვილი იყო, მაგრამ ის გაცილებით ადრე გარდაიცვალა. შენობა ეკუთვნოდა ხოშტარიას და ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის თხოვნით მან ეს შენობა გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირს. კომუნისტები როცა შემოვიდნენ და აპირებდნენ ამ შენობის შტურმით აღებას, ისევე როგორც აიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ისევ ქართველი მწერლობა დახვდათ და იმ დროის ერთ-ერთი იურისტი, სახელად ბარათაშვილი, ასეთ სიტყვებს ამბობს: „ყველა დროის მთავრობას წყევლით მოიხსენიებს საქართველო, თუ ის ქართველ მწერლებს ამ შენობიდან გამოდევნის“. ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

მისი თქმით, პოლიციამ მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს.

„მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები. პირველი, რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ, მომეცით-მეთქი. მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა. ამ ქალებმა, რომლებიც მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით ცხოვრობდნენ, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს. ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი. ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა“,  – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა და წაიკითხა ჭაბუა ამირეჯიბის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებდა.

„ჭაბუა ამირეჯიბი უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე. ამიტომ, ყოველდღე მიგზავნიდა წერილებს, ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს მწერდა: „მაყვალა, გენაცვალე, მოგეხსენება, ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო, შვილო“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.