პოლიციამ [მწერალთა კავშირის დარბევიდან] მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს, მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები,  - ასე იხსენებს პოეტი მაყვალა გონაშვილი მწერალთა კავშირში "ნაცმოძრაობის" დროს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. 

მისი თქმით, მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, თანამოაზრეებთან ერთად ჩაატარა აქცია და მწერალთა კავშირის შენობას ეკლები შემოავლო გარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლები დარჩა. 

"პირველი რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ მომეცით - მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა და ამ ქალებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს - ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა." - აღნიშნა მან.

გონაშვილმა ასევე წაიკითხა ჭაბუა ამირეჯიბის მიერ მისთვის გამოგზავნილი ხელნაწერი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებდა.

"ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე, ამიტომ, წერილებს ყოველდღე მიგზავნიდა, ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს მწერდა: "მაყვალა, გენაცვალე, მოგეხსენება, ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო შვილო. ათონის მონასტრის ფილაქანზე ამოტვიფრული, იდექი მკვიდრად და ურყევად."" - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.