ბოლო 24-მა საათმა აჩვენა ის, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა მუშაობს, ანუ დაპირისპირება, თუ საჭიროა, შეწყდება და თუ საჭირო გახდა, განახლდება, – ასე უპასუხა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა აჩვენა ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით ბოლო 24-მა საათმა შეთანხმების, ტაქტიკური სვლების და არსებული განცხადებების ფონზე.

„ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან ძალიან საინტერესოა თვითონ ირანის ხელისუფლების მიდგომა ისრაელის მიმართ. დღევანდელი ხელისუფლების, რელიგიური ხელისუფლებისთვის ისრაელის არსებობაა მიუღებელი; ზოგადად მიუღებელია, ისრაელის სახელმწიფო არ უნდა იყოს, ებრაელი ხალხი შეიძლება იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს სახელმწიფო ისრაელი და ეს არ არის ნათქვამი დღეს, გუშინ და გუშინწინ. მე-7 საუკუნიდან ურთიერთობის ეს წესია შექმნილი შიიტურ ისლამსა და იუდაიზმს შორის. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შეყვეტა ახლა არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. დღეს ვიღაცებს, გარკვეულ ძალებს აწყობდათ, რომ აშშ უფრო ღრმად არ შესულიყო კონფლიქტში. თავისთავად, კომიკური სიტუაციაა, ასეთი ტრაგიზმი რომ არ ხდებოდეს, ერთმანეთს რომ აფრთხილებენ, დაგბომბავთო, მერე რომ ბომბავენ და მერე ამბობენ, ხომ დაგმომბე, მოდი, ვილაპარაკოთო“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, ჩვენ ვხდებით ახალი კავშირების ჩამოყალიბების მოწმე.

„ასეთი ტიპის კავშირი იყო, მაგალითად, ეს ტრიუმვირატი, ჩინეთი-რუსეთი-ირანი. ირანი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ამ სამეულში იმ თვალსაზრისით, რომ ირანი აკონტროლებს ახლო აღმოსავლეთის გარკვეულ ნაწილს თავისი შიიტური სარტყელით, რომელიც ძალიან დასუსტდა, მაგრამ მაინც მუშაობს, მაინც არის და, ყოველ შემთხვევაში, რეაბილიტაციის შემთხვევაში იმუშავებს. პლუს, ეს არის ენერგოდონორი ჩინური ეკონომიკის, 75% ნავთობის იმპორტის არის ირანიდან. პრაქტიკულად, ესენი ერთმანეთზე არიან გადაბმული და ჩინეთს და ირანს თავიანთი გადაბმის წერტილი აქვთ. მოკლედ, დღეს დასავლეთისთვის და აშშ-ისთვის მთავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი და ჩინეთი უნდა დასუსტდეს. ირანს ან აქვს პოტენციალი, შექმნას ატომური ბომბი და ან არ აქვს. დავუშვათ, აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი კომპონენტი. მე მაინც მგონია, რომ ეს არის ნომერ მეორე კომპონენტი, პირველი კი მაინც არის გეოპოლიტიკური კონიუნქტურა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ აშშ-მა მიაღწია იმ მიზანს, რისი მიღწევაც სურდა, ვინაიდან როცა საუბარი იყო ირანში რეჟიმის ცვლილებაზე, ამასთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ ეს დიდ ქაოსს გამოიწვევს და არ სურს ამ ქაოსში მონაწილეობის მიღება, არეშიძემ აღნიშნა, რომ ტრამპს ძალიან კარგი მსახიობური ნიჭი აქვს, „ცოტა უფრო პროვინციული მსახიობის, მაგრამ მაინც“.

„მე, ადამიანმა, რომელსაც თეატრალური აქვს დამთავრებული, ეს ვიცი. მას შეუძლია, ისე მიაწოდოს საზოგადოებას თავისთვის სასურველი სურათი, როგორც თვითონ წარმოუდგენია და დააჯეროს კიდეც საქმეში ჩაუხედავი ობივატელი, მით უმეტეს. ეს განცხადება, რაც ახლა თქვენ თქვით, ამის ტიპური მაგალითია. ტრამპის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია გეოპოლიტიკური სვლები, აგებულია შემდეგზე – მუქარა, რაღაც აგრესიული ნაბიჯების გადადგმა და უცებ იქ მერე ჩახუტება და ლოყაზე კოცნა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, ახლა წავა კულუარული მოლაპაკებების მთელი წყება და შეთავაზებები იქნება.

„მთავარია, ირანი იყოს აშშ-ის პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ეს არის აუცილებელი. აშშ-ს აქვს ამის მოლოდინი. ჩემი აზრით, ხამენეის ხელში ეს არ მოხდება. ხამენეის ხელში, შეიძლება, მოხდეს პაუზა, უკან დახევა, თეატრალური პაუზაც კი, მაგრამ ის, რომ შეურიგდეს ამ გარემოებას, არა. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხამენეი შეიცვალოს. შესაძლებელია, ეს იდეოლოგიური ნარატივი დარჩეს, რელიგიური ლიდერები დარჩნენ, მაგრამ ხამენეი არ უნდა იყოს, ასეთია ჩანაფიქრი, როგორც ჩანს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.