წყალტუბოში საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტი - ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა დასრულდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

მწერლის სახლ-მუზეუმში პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. საკვირაო სკოლაში მოსწავლეებმა ტიხრული მინანქარი, ფოტოხელოვნება, ტყავის დამუშავება, ჯვრული ნაქარგობა და თექაზე მუშაობა შეისწავლეს. პროექტი ლიტერატურული თეატრის მიმართულების სწავლებასაც მოიცავდა. მოსწავლეების თექის ნამუშევრები თექის ოსტატმა - ნანა მანაგაძემ წარადგინა, ტყავის ნაკეთობები - სალომე ცისკარიშვილმა, მინანქარი - მადონა სილაგაძემ, ხოლო ჯვრული ნაქარგობა - ნუცა ცისკარიშვილმა. ოტია იოსელიანის ვაჟმა, დაჩი იოსელიანმა მწერლის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური ჯილდო - ოქროს მედალი დააწესა, რომელიც საკუთარი ესკიზით შექმნა და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის დირექტორს - ავთანდილ ჯიბუტს გადასცა. ,,კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და თანადაფინანსებით განვახორციელეთ ეს მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი მიზანია ბავშვებს ხელოვნების ინტერესი გავუღვიძოთ და ვიზრუნოთ მათი აზროვნების განვითარებაზე“ - განაცხადა დაჩი იოსელიანმა. პროექტის ფარგლებში, საპრეზენტაციო ღონისძიებაზე, საკვირაო სკოლის ლიტერატურულმა თეატრმა, ფილოლოგ ლილი გელენიძის ხელმძღვანელობით, სპექტაკლი - „მტრედის მოტანილი ბარათები“ დადგა. ასევე, გაიმართა სულხან გოგოლაშვილის ფოტოხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ორგანიზატორებს პროექტის წარმატებით დასრულებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.